თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უკრაინის მოსამართლემ გენერალური პროკურატურის გამომძიებლებს ამჟამად საქართველოში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის დაპატიმრების ნებართვა მისცა, დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს პრეს-მდივანმა ლარისა სარგანმა.
სამშობლოში ჩერნოვეცკი ბრალდებულია მუხლით "ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია". ბრალდება კიევის ყოფილ მერს დაუსწრებლად ორი კვირის წინ წაუყენეს.
"შეგახსენებთ, რომ დანაშაულის გამოძიების სამმართველო ახორციელებს სასამართლოსწინა სისხლის სამართლებრივ გამოძიებას საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის (ვერტმფრენის მოედანი) უკანონო მშენებლობის ფაქტზე კიევში", — წერს სარგანი.
მან აღნიშნა, რომ მიღებულია ზომები აღნიშნულ დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობის დასადგენად.
ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006-2012 წლებში იყო. ბოლო წლებია ის საქართველოში ცხოვრობს, ეწევა ბიზნეს-საქმიანობასა და ქველმოქმედებას. ქობულეთში მას დიდი ვილა აქვს.
2015 წლის დეკემბერში კიევის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ შექმნა პოლიტიკური პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ 2016 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მან პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.