თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი შემოდგომაზე თბილისში კონსულტაციებს გამართავენ საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აზერბაიჯანულ სააგენტო Trend-ზე დაყრდნობით.
„კონსულტაციებისას იგეგმება სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების საკითხის განხილვა და შეუთანხმებელი უბნების შესახებ მსჯელობა“, — მოჰყავს Trend-ს წყაროს სიტყვები.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო და აზერბაიჯანი მიმდინარე წელს აპირებენ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას. ამ თემის დასრულების აუცილებლობაში ორივე მხარე დარწმუნებულია და ამაზე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უკვე გააკეთეს განცხადებები.
საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო საზღვარი 446 კმ-ს შეადგენს, რომლის მესამედი ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული. ორმხრივი მთავრობათშორისი კომისია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში 1996 წელს შეიქმნა. განვლილი 15 წლის განმავლობაში საზღვრის დაზუსტების სამუშაოების თითქმის 70 პროცენტი შესრულდა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესს პრობლემები შეექმნა.
ოფიციალური თბილისი სადავოდ მიიჩნევს დავით–გარეჯას სამონასტრო კომპლექსისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს. აღნიშნული საკითხი საკმაოდ მტკივნეულია საქართველოსთვის გამომდინარე სამონასტრო კომპლექსის კულტურულ-ისტორიული და სულიერი ფასეულობებიდან.