თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი ამტკიცებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად უკრაინელ ოპოზიციონერ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
"მიდასტურებენ: ეს სიმართლეა — ქართველ იანუკოვიჩს, მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს მეტყველებს, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი შეცდომების აღიარება დაიწყო. მან უკანონოდ მიანიჭა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა მხოლოდ ასწორებს თავის შეცდომებს", — დაწერა მოსიიჩუკმა Facebook-გვერდზე.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" (ენმ), რომლის არაოფიციალური ლიდერიც სააკაშვილია, ამ ინფორმაციის შესახებ არ იციან.
"არ ვიცი. ამის შესახებ პირველად მესმის. სისულელეა", — განუცხადა პარლამენტის დეპუტატმა ენმ-დან რომან გოცირიძემ საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს.
"ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერ უარვყოფთ ინფორმაციას. ინფორმაციის გადამოწმების პროცესში ვართ", — განაცხადა ენმ-ის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი ის თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწოფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით. ამჟამად სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.