ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

© Sputnik / Alexander Imedashvili28-მეტრიანი გამარჯვების ქანდაკება ვაკის პარკში
28-მეტრიანი გამარჯვების ქანდაკება ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
1946 წელს გახსნილ ვაკის პარკს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაც მიუერთდება.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე.

ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. პარკთან ახლოს მდებარეობს კუს ტბა.

"ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება — იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები. კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ. რაც მთავარია — მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი", — განაცხადა ნარმანიამ.

ლიკანი - Sputnik საქართველო
ლიკანი საქართველოს ეროვნული პარკი გახდება

მერის თქმით, ამჟამად ვაკის პარკის ფართობი 18 ჰექტარია, ხოლო კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მიერთების შემდეგ პარკის საზღვრები 34 ჰექტრამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ქალაქში კიდევ ერთი დაცული სარეკრეაციო ზონა გაჩნდება.

პრესკონფერენციაზე ქალაქის თავმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ განაცხადა: ქალაქს დაუბრუნებენ დიღმის ტყე-პარკის გასხვისებულ ნაწილს. საუბარია 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ ტერიტორიაზე. ნარმანიამ აღნიშნა, რომ კერძო მფლობელთან რთული მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგად კი საკითხი ქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა.

"ამით, ფაქტობრივად, მე შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დავიწყე დიღმის ტყე-პარკის გამოსყიდვის პროცესი, რათა ეს სივრცე დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისსა და თბილისელებს", — აღნიშნა ნარმანიამ.

გარდა დიღმის ტყე-პარკის ნაწილისა, თბილისის მერიამ ქალაქს დაუბრუნა დაახლოებით 9,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. მათ შორისაა სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების კვეთაზე.

ყველა ახალი ამბავი
0