თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წლის 23 ივნისს, ღამით საქართველოს მოქალაქეები — გ. ჩ. და ნ. ძ. გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ქურდობის მიზნით აივნიდან შეიპარნენ 85 წლის მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში. ამ დროს სახლის პატრონს გაეღვიძა და თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
ბოროტმოქმედებმა ბინის პატრონს ხელ-ფეხი ელექტროსადენებით შეუკრეს, თავსა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს, 2500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებებისა და გაგუდვის შედეგად სახლის პატრონი გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნ. ძ. გერმანიაში გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, გ. ჩ. კი გარკვეული პერიოდის მანძილზე ემალებოდა მართლმსაჯულებას, მაგრამ მისი დაკავება 2016 წელს მოახერხდა.
საქართველოს შსს-მ დამნაშავის დაკავებისთვის გერმანიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივ ძალისხმევას უპრეცედენტო უწოდა. გ. ჩ.-ზე ინტერპოლით იყო ძებნა გამოცხადებული.