თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერაში" (Resolute Support) მონაწილეობის მისაღებად ავღანეთში ჩავიდა, სადაც პირველი ქვეითი ბრიგადის ასეულს შეცვლის, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სადაზვერვო ასეულმა 4 თებერვლიდან 23 ივნისამდე მომზადება გაიარა გერმანიის ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე.
"დღეს "მარმალის" ბაზაზე მივიღეთ მესამე ბრიგადის ასეული, რომელმაც წარმატებით გაიარა წვრთნებისა და შეფასების პროცესი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. აღნიშნული ასეული უახლოეს დღეებში გადაიბარებს ამოცანას და შეუდგება მოქმედებებს ჩრდილოეთ სარდლობის ოპერაციის რაიონში", — განაცხადა ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა.
სადაზვერვო ასეული ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში შვიდ თვეს გაატარებს. ასეულის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
"მტკიცე მხარდაჭერა" ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციები შედის. მისიაში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.