თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ოთარ კახიძე შსს-ში მას შემდეგ გამოიკითხა, რაც ის თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე პისტოლეტით გამოცხადდა.
„ევროპულმა საქართველომ" აქცია მოაწყო აღმაშენებლის გამზირზე, იმავე ადგილზე, სადაც ერთი კვირით ადრე „ქართველთა მარში" ჩატარდა უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ. აქციის დროს ოპერატორების კამერებმა დააფიქსირეს დეპუტატ კახიძის პისტოლეტი, რომელიც მას პერანგიდან უჩანდა. მოგვიანებით კახიძემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს.
„იარაღს კანონიერად ვატარებ. მაქვს ამისი უფლება. რაც შეეხება აქციაზე მის ქონას, აქციაზე ის არ უნდა მქონოდა, ზოგადად იარაღს ვატარებ ხოლმე და აქციაზეც წამომყვა, მაგრამ არ უნდა წამომეღო. შესაბამისად, ეს ნამდვილად იყო ჩემი შეცდომა და ამ შემთხევაში პოლიცია კანონის შესაბამისად ახდენს რეაგირებას და მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი", — განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.
ამასთან, შსს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას ატარებს მუხლით „შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზაციის წესების დარღვევა", რაც 500 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.
ამ ეტაპზე შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეადგინოს და ის სასამართლოს გადაუგზავნოს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის თანახმად, აქციის მონაწილეებს ეკრძალება იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერებები ან ცივი იარაღი.