თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ოთარ კახიძემ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კვირას თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე იარაღით მივიდა.
"ევროპულმა საქართველომ" აქცია მოაწყო აღმაშენებლის გამზირზე, იმავე ადგილზე, სადაც ერთი კვირით ადრე "ქართველთა მარში" ჩატარდა უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ. აქციის დროს ოპერატორების კამერებმა დააფიქსირეს დეპუტატ კახიძის პისტოლეტი, რომელიც მას პერანგიდან უჩანდა.
პარალელურად აღმაშენებელზე "ქართველთა მარშის" მომხრეები შეიკრიბნენ, რომლებმაც "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეებს კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ ვითარების განმუხტვა შეძლო.
"იარაღს ვფლობ ლეგალურად და ტარების უფლებაც მაქვს, როგორც პარლამენტის წევრს. ეს არ არის უკანონო იარაღი. ზოგადად, იარაღს ვატარებ. მათ შორის ამ აქციაზეც ვაპირებდი იარაღის დატოვებას, მაგრამ მოშორებით მომიწია მანქანის გაჩერება, შესაბამისად, აქციაზე მისვლისას და წასვლისას საკმაოდ შორი მანძილი უნდა დამეფარა და არ იყო უსაფრთხოების ზომები შესაბამისად დაცული", — განაცხადა კახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მან აქციაზე თავის გამოჩენას იარაღით შეცდომა უწოდა, მაგრამ ეს არსებული საფრთხით ახსნა.
"არსებობდა გარკვეული საფრთხე, შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ კონტრაქციის მონაწილეები მოსული და, შესაბამისად, ჩემზე თავდასხმა არ იყო გამორიცხული", — განმარტა კახიძემ.