თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კვირიკაშვილი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრემიერი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამენ ნეთანიაჰუს, პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-სა და პრეზიდენტ რუვენ რივლინს.
„შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა ქნესეთის თავმჯდომარეს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი, ისევე როგორც ბოლო პერიოდის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, დამატებით იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გაღრმავებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილმა და იული ედელშტეინმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებს შორის არსებული პარტნიორობა და მეგობრობის ჯგუფების აქტიური საქმიანობა.
ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობა ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან განიხილა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.