თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში 28 000 ლიტრის ეთილის სპირტის უკანონო შემოტანის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ივლისში საქართველოში ეთილის სპირტი შემოიტანეს, მაგრამ საბაჟო მოსაკრებლისა და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა შემოტანილი საქონელი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს. მესამე ქვეყანაში გატანის ნაცვლად, მათ იმპორტირებული სპირტი, მალულად, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში განთავსებულ ავზებში გადაიტანეს, რათა შემდგომში მისი უკანონო რეალიზაცია მოეხდინათ.
რომელი ქვეყნიდან შემოიტანეს სპირტი საქართველოში, მითითებული არ არის.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ამოიღეს მთელი კონტრაბანდული საქონელი და ავტომობილი, რომლითაც ის გადაჰქონდათ. ეთილის სპირტის საერთო ღირებულება დაახლოებით 347 400 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლით ("საქართველოს საბაჟო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით"), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.