თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიცრუე უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის" ბრალდებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილისა და ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის მისამართით.
არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კონტრაქტში 8,6 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 176 ავტომობილის შეძენაზე, რომელიც შსს-მ კომპანია Iberia Auto Center-თან გააფორმა, კორუფციის ნიშნები შეინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, კომპანიის მესაკუთრეა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი მართვის უფლებით — მისი ძმა ავთანდილ ხეჩიკაშვილი.
"ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კომპანია "იბერია ავტოცენტრთან" გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის სრული დეზინფორმაცია… გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონტრაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების შეძენას, რაც პოლიციის სრულფასოვან მუშაობას ემსახურება და კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტრომ სპეკულაცია უწოდა საუბრებს იმის შესახებ, რომ პოლიციისთვის ავტომობილების შეძენა რაიმე განსაკუთრებულს წარმოადგენს.
შსს-ს მონაცემებით, ტენდერი ავტომობილების შეძენის მიზნით 2007 წლიდან, 2014 წლის გარდა, ყოველწლიურად იმართება.
"2017 წელს სატენდერო პირობებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა. 2007-2017 წლების განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ აქვს დიდი გამოცდილება და რესურსი, საქართველოში ექსკლუზიურად შემოჰყავს და სერვისს უწევს პოლიციის საქმიანობისთვის ყველაზე მოხერხებულ და ეკონომიურ ავტომობილებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ავტომანქანებს წარმატებით იყენებს ათობით ევროპული ქვეყნის პოლიციის სამსახური", — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საპატრულო პოლიცია უკვე მრავალი წლის განმავლობაში იყენებს "შკოდას", "ფორდ რეინჯერისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილებს.