სოფოს ხელოვნება განსაკუთრებული და განსხვავებულია. მისი ხელნაკეთი ნივთები მხოლოდ ბუნებაში მოპოვებული მასალით იქმნება. როგორც სოფომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იგი სასტიკად წინააღმდეგია ნატურალური ტყავის გამოყენების, რომლის მოპოვებისას ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე მოისპო და ჯანმრთელობა დაზიანდა.
— პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ამ ეტაპზე სამსახურში სამ თვიანი პაუზა მაქვს და გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო იმას, რითიც ბავშვობიდან ვარ გატაცებული — ხელნაკეთი აქსესუარების შექმნას. ვცდილობ ჩემს ჰობს უფრო პროფესიონალური სახე მივცე და შექმნილი აქსესუარებით ჩემი ხედვა და ბუნებისადმი დამოკიდებულება ფართო აუდიტორიას გავაცნო.
- როდის გაგიჩნდათ იდეა ხელნაკეთი სამკაული შეგექმნათ? რამე ფაქტმა განაპირობა იდეის დაბადება?
— ძალიან მიყვარს ხელოვნება და ხელნაკეთი აქსესუარები. ვთვლი, რომ განსაკუთრებულია. მე პირადად ხშირად ვატარებ. ასევე ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები. ყოველთვის მიჭირდა რაიმე ხელნაკეთი, ორიგინალური ნივთის შემეძინა. ცხრა წელზე მეტია უარი ვთქვი ნატურალურ ტყავზე და ბეწვზე, საქართველოში კი ძირითადად ნატურალური ტყავის აქსესუარები იყიდება. მიმაჩნია, რომ ადამიანები ძალიან დავშორდით ბუნებას და ხშირად ყოველდღიურ საქმიანობაში გართულები ვეღარ ვამჩნევთ რა ლამაზია ის, ამიტომ გადავწყვიტე ბუნებიდან ამეღო ლამაზი დეტალები და სისასტიკისგან თავისუფალი მასალით შემექმნა აქსესუარები იმის აღსანიშნავად, რომ არ უნდა დავშორდეთ ბუნებას და ზოგჯერ შევამჩნიოთ რა ლამაზია თუნდაც ყვავილები და თან ვატაროთ ისინი.
- სანამ ნამუშევრებს შევეხებოდეთ, რატომ შეურჩიეთ სახელი „ელსკა“?
— ჩემმა ძალიან ახლო და საყვარელმა მეგობარმა თიკო კვალიაშვილმა შემირჩია ეს სახელი და მითხრა რომ „სიყვარულით შექმნილს“ ნიშნავს. ვთვლი, რომ აზრობრივად ემთხვევა ჩემს ნამუშვერებს.
- რა ნივთებს მოიცავს თქვენი ხელოვნება?
— ჩემი სამკაულები სამი განსხვავებული ხაზისაა, „აინურები“ — რომლებიც გარკვეული პერსონაჟებია და თავისი კონკრეტული დატვირთვა აქვთ, ფლორისტიკა — შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ყვავილები მუდამ ვატაროთ თან, ასევე ჯადოსნური კულონები და ბრელოკები სადაც მინისამყაროა მოთავსებული.
- რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად და რით არის ეს მასალა გამორჩეული?
— ხაზგასმით და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სამკაული არის სისასტიკისგან თავისუფალი მასალით დამზადებული და არ ვიყენებ იმ მასალას, რომლის მოპოვებისას ან დამზადებისას ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე მოისპო და ჯანმრთელობა დაზიანდა. პირადად ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის ვისაც უყვარს ცხოველები ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ასევე ვმუშაობ სხვადასხვა მასალაზე — ძირითადად ფაიფურსა და თიხაზე. ფაიფური კიდევ იმითაა განსაკუთრებული, რომ საკუთარი „საიდუმლო“ რეცეპტით ვამზადებ და გამაჩნია ჩემი განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც წლების განმავლობაში გამომიმუშავდა. როგორც გითხარით ამ საქმიანობით ბავშვობიდან ვარ გატაცებული და პატარ-პატარა საიდუმლოებები გამაჩნია.
- ჩემი განსაკუთრებული ყურადღება „მინისამყაროს ჯადოსნურმა“ საკიდებმა მიიპყრო. ამ პატარა კოლბებში ამდენ ფერს როგორ ათავსებთ? რთული არ არის?
— რთული არ არის, რადგან ის რაც ამ პატარა კოლბებში თავსდება ჩემი მოგონილი არაა, ესაა მინისამყარო, რომელიც შეგიძლია ყველა ფეხის ნაბიჯზე დაინახო, მე უბრალოდ ვაკოპირებ ბუნებას და შეგვიძლია თან ვატაროთ ის, რაც ძალიან მოგვწონს.
- ულამაზესი სამაჯურები გაქვთ, ყველა დეტალი ხელით გაქვთ შესრულებული? რა მასალით არის შექმნილი და რამდენად რთული გამოსაყვანია ყვავილების ფორმები?
— როგორც უკვე აღვნიშნე ჩემი განსაკუთრებული რეცეპტით დამზადებული ფაიფურის მასალაა, რომელიც არის ძალიან მსუბუქი და მყარი. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ყვავილები ან ფოთლები გავტეხოთ. ამ მეთოდზე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი და რაღაც ცდებს ვატარებდი. საბოლოო ჯამში მივიღე ის სტრუქტურა, რასაც ვეძებდი. არა, რთული არაა მათი შექმნა, უბრალოდ უნდა გვქონდეს სახლში ძალიან ბევრი ყვავილები და უბრალოდ გადავაკოპიროთ ის.
- თქვენი ხელოვნების ერთ-ერთი ხაზია „აინურები“. რა არის „აინური“ და რასთან ასოცირდება იგი თქვენთვის?
— „აინურები“ ძალიან სპონტანურად შეიქმნა და დაერქვა ეს სახელი. იდეა წამოვიდა ბავშვობიდან. როდესაც პატარა ვიყავი დედაჩემი მიყვებოდა ასეთ ლეგენდას, რომ სამყაროში არსებობდა პატარა ძილის სამეფოს ჯადოსნური მბრძანებელი და თუ მე ადრე დავიძინებდი ის ლამაზ, ფერად და კარგ სიზმრებს გამომიგზავნიდა, მეც მჯეროდა ამის. შესაბამისად რაღაც გარკვეული ჯადოსნური პერსონაჟი სულ არსებობდა ჩემს წარმოსახვაში, რაღაც მსგავსი გამოვძერწე და ჩემი ბავშვობის დროინდელი ლეგენდის მგავსად მინდოდა რაღაც კონკრეტული დატვირთვა მიმენიჭებინა და გარკვეული როლი ქონოდათ ამ სამყაროში. შემდეგ დავიწყე სახელის ძებნა და მითოლოგიაში მივაგენი. თქმულების თანახმად აინურები ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ, ისინი ანგელოზის მაგვარი არსებები არიან და მათი სიმღერის დამსახურებით შეიქმნა სამყარო. შესაბამისად შეირჩა სახელიც და ფუნქციაც, ყველა აინური სხვადასხვანაირია და სხვადასხვა როლი აკისრიათ ბუნებაში, ისინი მხოლოდ პოზიტიური ენერგიის მფარველები და მატარებლები არიან.
- ხელნაკეთი სამკაულის შექმნა თქვენი ძირითადი საქმიანობა არ არის. განსხვავებული პროფესია გაქვთ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
— როგორც უკვე აღვნიშნე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, თავისუფალ დროს კი ჩემი ჰობით ვარ დაკავებული უკვე მრავალი წელია.
-ტრადიციულ კითხვას დაგისვამთ. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
— ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, რომ მოსწონთ ჩემი შექმნილი აქსესუარები, სურთ მათი ტარება, ამიტომ არ ვაპირებ მათი დამზადების შეწყვეტას და ვცდილობ უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ის. დავაფიქრო იმაზე, რომ შესაძლებელია ლამაზი ნივთების შექმნა სისასტიკის გარეშე, ისე რომ არ ვავნოთ ბუნებას და გარემოს. დავუბრუნდეთ ბუნებას და აღარ დავშორდეთ უფრო მეტად, გვიყვარდეს დედამიწა და გარემო.
ჩემი ოცნებაა ჰობი ვაქციო პატარა ბიზნესად. სიამოვნებით დავაარსებდი პატარა საამქროს, სადაც დავასაქმებდი ჩემს თანამოაზრე მეგობრებს, რომლებიც ჩემსავით თვლიან, რომ უნდა გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მაგრამ ამისათვის სათანადო ფინანსებია საჭირო, ახლა იმ ფონდის ძიებაში ვარ, რომელიც სტარტაპეტებს აფინანსებს, იქნებ გამიმართლოს.