თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. "საირმის მუსიკალური ფესტივალი 2017" პირველად 29 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით კურორტ საირმეში ჩატარდება.
პროექტის მიზანია იმერეთის მხარის, კერძოდ, საირმის კულტურულ ცენტრად გადაქცევა, უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამგვარად ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა.
ფესტივალს წარმოადგენენ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, კურორტი "საირმე", კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განსხვავებული მუსიკალური ჟანრების შემსრულებლები და ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
წელს ფესტივალზე მრავალფეროვანი საკონკურსო პროგრამით წარდგებიან ისეთი ანსამბლები, როგორიცაა "რუსთავი", "დიდგორი", "იალონი", "შავნაბადა", ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი "იამე", "ბასიანი", "თბილისი" და სხვ.
სოლო-შემსრულებლებიდან იმღერებენ ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე, რომა რცხილაძე და სხვები.
იგეგმება, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება, ხოლო 2018 წლიდან მას საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭება.