თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ფესტივალი "აჭარა პიკნიკ ფესტ 2017" ბათუმში 19–20 აგვისტოს პირველად ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი საინტერესო იქნება როგორც რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე ყველა მსურველისთვის, ვისაც პიკნიკზე დროის სასიამოვნოდ გატარება სურს. ორგანიზატორები ღონისძიების სტუმრებს ადგილობრივი პროდუქციის ახალ ინტერპრეტაციებს ჰპირდებიან.
ფესტივალის პროგრამაში სხვადასხვა ღონისძიებაა: ცოცხალი ელექტრონული მუსიკა ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების შესრულებით, აჭარული ღვინოების დაგემოვნება, ასევე ბათუმელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრების გამოფენა.
სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა საბავშვო მოედანი გასართობი პროგრამითა და ანიმატორებით.
ფესტივალი გაიმართება 6 მაისის მოედანზე 10:00 საათიდან 01:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ორგანიზატორია ქართული ივენთ–კომპანია "წრე".