ქართული კინო სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება

© FB / Киноцентр Грузииკადრი ფილმიდან "მძევლები"
კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის თითქმის ყველა საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორების ფილმები გამარჯვებისთვის სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის (Sarajevo Film Festival) შვიდ კატეგორიაში იბრძოლებს. კინოფესტივალი ბოსნია–ჰერცეგოვინაში 11-18 აგვისტოს გაიმართება.

ქართველი რეჟისორების ფილმები კინოფორუმის თითქმის ყველა პროგრამაში მონაწილეობს, იუწყება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შევიდა ორი ქართული სურათი — ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმი "საშიში დედა" და რეზო გიგინეიშვილის "მძევლები".

კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
„საშიში დედა“: ქართველი კინორეჟისორის სადებიუტო ფილმი ლოკარნოში მიემგზავრება

დოკუმენტურ კინოს კონკურსზე წარმოადგენს რეჟისორ რატი ონელის "მზის ქალაქი".

სექციაში "ფოკუსი" მონაწილეობს ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის არაერთი პრიზის მფლობელი "ჩემი ბედნიერი ოჯახი". მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია ანა სარუხანოვას და კატალინა ბაქრაძის "სრულყოფილი შეკვეთა".

გიორგი ოვაშვილის ახალი პროექტი "უღელტეხილი" ინდუსტრიულ სექციაში Cinelink მონაწილეობს. ხოლო ფესტივალის საბავშვო პროგრამაში დათო კიკნაველიძის ანიმაციურ ფილმს "ჯინოს" ნახავენ.

სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.

ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — "სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0