ზაფხულში - საცურაო აუზი, ზამთარში - საციგურაო მოედანი, ანუ როცა იდეები ჩნდება

© FB/ Gi Giგიგი ჩალიგავა
გიგი ჩალიგავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი ზაფხულობით გრილი და დასასვენებელი ადგილების სიმრავლით სამწუხაროდ არ გამოირჩევა. ამიტომ სეზონის ამ დროს ჩვენში ტარდება ხოლმე სხვადასხვა სახის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ასეთი გახლდათ მაგალითად “ისტ-პოინტის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი. მის ფინალში მოხვედრილ პროექტებს შორის ერთ კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესო იდეის გარდა ყურადღება იმანაც მიიქცია, რომ მისი ავტორი, ჩვენი კოლეგა, ამჟამად სატრანსპორტო კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, გიგი ჩალიგავა გახლავთ. გიგი ცხოვრებაში კრეატიული ადამიანია და ეს მისი პირველი პროექტია, რომელიც სპეციალისტებს საინტერესოდ მოეჩვენათ.

© FB/ Gi Giგიგი ჩალიგავა
გიგი ჩალიგავა - Sputnik საქართველო
გიგი ჩალიგავა

- გიგი, როცა პროფესიით ჟურნალისტი, ასეთი ტიპის კონკურსის ფინალისტებს შორის ხვდება, ეს თავისთავად გამარჯვებაა…

— შეგახსენებთ, რომ ეს კონკურსი ჩაატარა “ისტ-პოინტის“ ადმინისტრაციამ, მისი არსი იყო ის, თუ როგორ შეიძლებოდა, ზაფხულში, მომხმარებელს, შოპინგის მერე დაესვენა. როცა “ისტ-პოინტს“ აშენებდნენ, იქ ჩემი მეგობრის მამა იყო, გეოდეზისტი, რომელიც პარკინგებზე მუშაობდა და მას ვეხმარებოდი, ბევრი რამ სწორედ იმ დროს ვისწავლე…

- ამ პროექტზე ფიქრის დროს ამოსავალი რა იყო?

— საკითხს იმ კუთხით მივუდექი, რომ მე ვარკეთილში ვცხოვრობ და იქ აუზები ყველგან ძვირია, ზოგი- შორსაა, ზღვაზე ასვლა არავის უნდა, ამიტომ მარტივი გამოსავალი, ამ ადგილას, რომელიც ახლოსაა, აუზის მოწყობა იყო თავისი ატრაქციონებით. ამას გარდა ეს იქნებოდა პატარა კუნძულივით, სადაც იქნებოდა — ცოცხალი მუსიკა, ბარი, გართობა, ცეკვა… კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ისტ-პოინტის“ შესასვლელიდან მარჯვნივ ბავშვთა კარუსელია, რომელიც წელიწადში 300 დღე არ მუშაობს. მათ მივწერე, რომ ამ კარუსელს არ იყენებთ და მისგან არც შემოსავალი გაქვთ მეთქი. ამიტომ აქ არსებულ შადრევანზე შეიძლებოდა ჩასასრიალებლის გაკეთება. პირველი პარკინგი დაიფარებოდა და იქ, ბავშვებისთვის გამწვანებაში შეჭრილი ე.წ.„ლიაგუშატნიკის“ გაკეთება შეიძლებოდა.

© გიგი ჩალიგავას პირადი არქივიგიგი ჩალიგავას ნამუშევარი
გიგი ჩალიგავას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიგი ჩალიგავას ნამუშევარი

- ის, რომ ზაფხულში საცურაო აუზი იქნებოდა და ზამთარში — საციგურაო, სადმე უკვე დაფიქსირებულია?

— რეალურად რომ გითხრათ, არ ვიცი სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული თუ არის, მაგრამ თბილისში ამას ანალოგი არ აქვს. ისე, აუზისა და საციგურაოს ერთბაშად გაკეთება- რთულია, მაგრამ არარეალური ნამდვილად არ არის, მარტივად კეთდება. აუზი რკინის კონსტრუქციით იფარება და მერე ამ კონსტრუქციაზე ამოჰყავთ მაცივარი, რომელიც ყინულს წარმოშობს, ანუ ეს შესაძლებელია. პლიუს ამას, დამატებითი შემოსავლის წყარო გახდებოდა. იქიდან გამომდინარე, თუკი აუზზე შესვლა მინიმუმ 15 ლარი ეღირებოდა — მასში ყველა შევიდოდა, ზამთარში კი — ციგურებით ისრიალებენ და ესეც მაგარი იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ “ისტ-პოინტი“ უდაბნოსავითაა და მწვანე ზონა არა აქვს, აქ, მსგავსი პროექტის განხორციელება კარგი და გამართლებულია. ამ პროექტზე ფიქრი ზუსტად 15 წუთი დამჭირდა. რაც შეიძლება, მარტივი რომ გამოსულიყო, ის ფოტოშოპში გავაკეთე და ისე გავუგზავნე. მაილზე მომწერეს, რომ თქვენმა იდეამ ჩვენი ყურადღება მიიქცია და ფინალში ხართო. გამარჯვებული ორი გოგო გახდა. მათ სულ რაღაც 100 ლაიქით გამასწრეს. ფინალში ორი, თითქმის იდენტური პროექტი აირჩიეს, რომლის არსიც შუაგულ მზეში იოგით დაკავებაა. მაგ ადგილზე ისეთი სიცხეა, რომ ამისთვის მზეზე, ჩემი აზრით, არავინ დაწვება.

- საერთოდ აქტიური ცხოვრების მომხრე ხართ, ადრე მახსოვს, “მედია-ტურნირში“ გაიმარჯვეთ…

— დიახ, ეს იყო “მედია-ტურნირი“, რომელიც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას გულისხმობდა. იყო შეჯიბრი ცურვაში, სირბილსა და კლდეზე ცოცვაში. იმის გამოვლენა ხდებოდა, სპორტული კუთხით რამდენად აქტიური ხალხია ჟურნალისტები. შეჯიბრში სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქეთი ხოსიტაშვილმა გამიშვა. იქ, მე და ერთმა აზერბაიჯანელმა ბიჭმა მეორე ადგილი დავიკავეთ. ხშირად მქონია სიტუაცია, როცა რამე იდეა იყო მოსაფიქრებელი, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო არ მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს, ამიტომ მათ ჰაერზე ვუშვებ. თუმცა განსხვავებული იდეები თავში ყველა ვარიანტში მომდის…

 

ყველა ახალი ამბავი
0