შინ ვესტუმრე… საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მეგობრობამ გაჭრა და მაინც ავალაპარაკე…
- დავიწყოთ ოჯახიდან. დაახლოებით 1955 წელში ჩამოხვედი თბილისში. მანამდე რა იყო და შემდეგ როგორ წავიდა შენი ცხოვრება?
– დავიბადე ყარაგანდის ოლქში, სადაც ჩემი მშობლები, პოლიტიკური პატიმრები-ქეთევან ორახელაშვილი და გრიგორი დროზდოვი ამთავრებდნენ თავიანთ „სროკს“. როცა გამოუშვეს, იქვე ბარაკებში ცხოვრობდნენ, დაქორწინდნენ და დავიბადე მე. ეს იყო 1944 წლის ოქტომბერი. დედაჩემი მეტნაკლებად ცნობილი იყო საქართველოში, რადგან პირველი რევოლუციონერების მამია და მარიამ ორახელაშვილების შვილი იყო, ცნობილი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის მეუღლე. ჰყავდა ორი შვილი, თინა და ვახტანგი. 1937 წელს დააპატიმრეს ჯერ მშობლები, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობდნენ და დახვრიტეს. შემდეგ დააპატიმრეს ევგენი მიქელაძე, რომელიც ასევე დაიხვრიტა. დედაჩემი დაიჭირეს და მიუსაჯეს 5 წელი, რომელიც გაუგრძელეს და საბოლოოდ ბარაკებში გაატარა 17 წელი.
მამაჩემის ისტორია ცოტა განსხვავებულია, მაგრამ იდეურია იმ დროისთვის. სარატოვიდან იყო, ოღონდ მუშაობდა ომსკში. იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. დააპატიმრეს 33-ში და დააბრალეს კონტრევოლუციონური აჯანყება ჯარში, სადაც მსახურობდა 15 წლით ადრე. დააპატიმრეს და მიუსაჯეს 10 წელი. ერთმანეთი 1943 წელს გაიცნეს გადასახლებაში, სიმპათია გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ. 7 წლის ქვრივობის მერე, დედაჩემი გათხოვდა მამაჩემზე. 55 წლის დასაწყისში, დედამ მიიღო რეაბილიტაცია, ამიტომ მე და დედა ჩამოვედით თბილისში. ერთი წლის მერე, მამაც შემოგვიერთდა. მოგვცეს ეს ბინა, სადაც დღესაც ვცხოვრობ. ოღონდ ვაკე მაშინ, ასეთი „ნავაროჩენი“ არ იყო. ეს იყო გარეუბანი, სადაც მხოლოდ სატვირთო ტრამვაი დადიოდა. აქედან დაიწყო ჩემი ქართული ეპოპეა. აქ ჩამოვედი აბსოლუტურად გაოცებული ტიპი, ქართული არ ვიცოდი და პირველ ხანებში ძალიან გამიჭირდა კონტაქტის დამყარება სკოლელებთან და ეზოელებთან. დიდი დრო ადაპტაციითვის არ დამჭირვებია. განსხვავებული ხასიათის ბავშვები კი ვიყავით, მაგრამ ერთმანეთს გავუგეთ. შემდეგ ჩვეულებრივი სკოლა დავამთავრე მაგრამ არ ვსწავლობდი კარგად (იცინის).
– სკოლა, შემდეგ იყო უნივერსიტეტი და დაიწყო სულ სხვა გზა, სულ სხვა ცხოვრება.
–სტუდენტობა ალბათ საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხარ, მეგობრები გყავს, გოგოები მოგწონს, გიყვარს ქეიფი, სიმღერა, ცეკვა და ა.შ. სწავლასაც ვახერხებდით მეტ-ნაკლებად და ბოჰემურ ცხოვრებასაც. გოგო-ბიჭები ვიკრიბებოდით, ვცეკვავდით, ვსვამდით, ვმღეროდით, ვგიჟობდით და თან ვსწავლობდით. საოცარი იყო, რომ ყველაფრის კითხვას ვასწრებდით. ნაკითხი „ტიპები“ ვიყავით, ის თბილისი პატარა ქალაქი იყო, სხვადასხვა უბნის ხალხი, გაერთიანებული ვიყავით რაღაცით, ან ფეხბურთით, ან სწავლით, ან სხვა ინტერესით, კინოთი თუ ლიტერატურით. პრაქტიკულად ყველა ყველას იცნობდა. ამით იყო ის დრო არაჩვეულებრივი.
– როგორ დაიწყო შენი შემოქმედებითი ცხოვრება?
– არ ვიცი, ეგ სიტყვა საერთოდ არ მომწონს. შემოქმედება რა არის, რაღაცა პროფესიის დაუფლება. ასე დავარქვათ.
– შეიძლება ითქვას რომ ხელობა.
– კი ბატონო, ხელობა მომწონს. ვახტანგი (ვახტანგ მიქელაძე, დედით ძმა) იყო მაგალითი ჩემთვის, რადგან სწავლობდა „გიფტში“ და გადაიღო ორი არაჩვეულებრივი ფილმი, იმ დროისთვის არადამახასიათებელი. დოკუმენტალისტიკა იყო ტრადიციული, აი როგორც გაზეთი „პრავდა“, ასეთი იყო დოკუმენტური კინო. რაც ოფიციალურად ხდებოდა, იმას აჩვენებდა დოკუმენტური ფილმი. მან ეს ჩარჩოები გაშალა და ფილმი გადაიღო, „ომალო“, რომელიც დღემდე კლასიკად რჩება. ამან მეც ბიძგი მომცა და დავინტერესდი კინოთი. ვახტანგს ეზარებოდა წერა, მე წერა მეხერხებოდა. მომიყვებოდა რაღაცას და დავწერდი. ამიტომ ვითვლები სცენარისტად უფრო, ვიდრე რეჟისორად. დიდი ღვაწლი არ მაქვს შეტანილი, პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ რაღაცეები გავაკეთე ჩემთვის ძალიან საინტერესო და რისიც არ მრცხვენია. ეს არის და ეს, ჩემი კინო. სულ გადავიღე 4 ფილმი. ოთხივე მიყვარს, რადგან ღირსეულ ხალხზეა, დოკუმენტური კინო პირობითად ჰქვია, თორემ დოკუმენტალური არ იყო. როგორადაც დაინახავ იმ ადამიანს, ისევე აჩვენებ. ეს არის შენი სიმპათია ან ანტიპათია და პირადი ხედვა. რასაც ხედავ, გულწრფელად თუ აჩვენებ ეკრანზე, ფილმიც ნაღდი გამოვა, მე ასე ვხედავ და მგონი შევძელი.საოცარი პიროვნებები იყვნენ, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძეზეც გავაკეთე, ოღონდ ის ფილმი ნაკლებად ცნობილია, არადა კარგად გაკეთებული პორტრეტია. ჩემი დამსახურება აქ ცოტაა ეს ის პორტრეტია რაც რეალურად იყო, მე უბრალოდ ეკრანზე გადმოვიტანე.
- დღეს რა ხდება? გაუცხოვება ხომ არ ხდება თაობებს და პიროვნებებს შორის?
– კი თაობებს შორის გაუცხოვება იგრძნობა. ეს მუდმივი და უკვდავი პრობლემაა, მამა-შვილების კონფლიქტი. ყველა თაობას თავისი რესურსი აქვს. ჩვენი რესურსი ამოიწურა, სამწუხაროდ. ჩვენ გვგონია რომ პირველ პოზიციებზე უნდა ვიყოთ, მაგრამ არა, ახალი ტალღა მოდის, ჩვენც ვიღაცის ნაცვლად ამოვედით და ვიყავით პრიორიტეტულ პოზიციაზე. ასე არიან დღევანდელი ახალაგზრდებიც. მაშინ არც ჩვენს მშობლებს მოსწონდათ ჩვენი მანერა თუ ცხოვრების წესი და ინტერესები. ჩვენც გვქონია კონფლიქტი, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. მაგრამ, რაღაცა ხომ ჩამოყალიბდა. ასე ჩამოყალიბდებიან ის ტიპებიც, რომლებიც არ მოგვწონს, რომლებიც მთელი დღე ტელეფონში იყურებიან. სინამდვილეში, ძალიანაც ნორმალური ხალხია. ყველა თაობაში რაღაც სეგმენტი გამოიყოფა, სადაც კარგი მწერლები, მხატვრები, ლიდერები ჩამოყალიბდებიან, ხელოვნებად და ა.შ. კი რაღაც დისკომფორტი გვაქვს, როცა ამ ხალხთან ურთიერთობას ვერ ამყარებ და გიყურებენ როგორც დინოზავრს. მაგრამ ეს ასე უნდა იყოს.
– შენს თაობას კარგად ახსოვს და იცის ვინ არის კოლია დროზდოვი. აი ახალგაზრდობისთვის რით არის საინტერესო კოლია დროზდოვი?
–არაფრითაც არ არის საინტერესო. ჩვენი ძირითადი ფუნქცია დღეს არის კომუნალური გადასახადები და წამლის დალევა. პლიუს კიდევ შეიძლება ლეპტოპთან 3-4 საათი ვიჯდე დღეში. შეიძლება რაღაც სურათები იყოს ქსელში დადებული, რაც ვიღაცას დააინტერესებს, მაგრამ შეიძლება არც დაინტერესდეს. მეტი არაფერი.
– მაგრამ ცხოვრება ხომ გრძელდება?
– ცხოვრება გრძელდება, მაგრამ წარმოიდგინე თეატრი, მშვენიერი პიესა იყო დადგმული. იმ პიესის მონაწილეები ვიყავით, ტაში, გასტროლები და აღფრთოვანება, მაგრამ ყველამ ნახა ეს პიესა და ძველი მსახიობები გადიან, შემოდიან ახლები და ახალი პიესაც იწყება. ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. არ არის ეს პესიმიზმი, ეს რეალობაა. რუსულად — данность.
მე მიყვარს საქართველო, ვგიჟდები. მიყვარს ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, მათ შორის ეს ახალგაზრდები, რომლებიც მთელი დღე ამ სმარტფონებში იყურებიან. ასეთები ვიყავით ჩვენც ჩვენი მშობლებისთვის, მაგრამ შემდეგ რაღაც ხომ გავაკეთეთ, მეტ-ნაკლებად.
– შენ თქვი, შენს და-ძმაზე. მამის მხრიდან გყავს ძმა მოსკოვში…
ჩემი ძმა, სერგეი დროზდოვი, დღეს მეცნიერებათა დოქტორია, ინსტიტუტის დირექტორი და სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი. 87 წლისაა. მთლად აქტიური არ არის, მაგრამ „ბოდრად“ არის. 12 წელია არ ვყოფლივარ უკვე მოსკოვში და 80-იანების მერე ის აქ არ ჩამოსულა. ტელეფონით ვეხმიანებით ერთმანეთის.
მოსკოვში ცხოვრობს ჩემი მეორე ძმაც. ისე პარადოქსი არ არის, ვახტანგ მიქელაძე ცხოვრობს მოსკოვში და კოლია დროზდოვი — საქარველოში. ვახტანგი 80-იან წლებში წავიდა და მუშაობს დღემდე, პოპულარული რეჟისორია.
P.S. სხვათა შორის, კოლია დროზდოვის ბებიისა და ბაბუის, ცნობილი რევოლუციონერების მამია და მარიამ ორახელაშვილების ცხოვრების ისტორია დაედო საფუძვლად თენგიზ აბულაძის ცნობილ ფილმს — „მონანიება“, სადაც, კოლიას დედის, ქეთუსია ორახელაშვილის როლს ზეინაბ ბოცვაძე ასრულებს.
ვახტანგ კობაიძე