თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უნგრეთის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენ გიორგი უდესიანის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ბიზნესმენი სამშობლოში სხვა ბიზნესმენის წილების გამოძალვაშია ბრალდებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საუბარია ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შპს "კუს ტბა კალასა" და "კუს ტბა პალასის" წილების გამოძალვაზე 2011 წელს.
"დღეს ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩემ წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია საქმეები და ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც ყველა ის ადამიანი, ვინც ფალსიფიცირებას აკეთებს ამ საქმის, სასამართლოს წინაშე წარდგება", – განაცხადა უდესიანმა.
საქართველოს მთავარ პროკურატურას ინფორმაცია უდესიანის ექსტრადიციაზე უარის შესახებ არ აქვს.
"უნგრეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის არ მოუწოდებიათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა პროცედურები მიმდინარეობს დღეის მდგომარეობით გიორგი უდესიანის მიმართ მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით", – განაცხადა პროკურატურის პრეს–სამსახურის უფროსმა ნათია სუხიტაშვილმა ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უდესიანს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.