თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქალაქ რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა", — ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს, აღნიშნეს სუს-ში.
გამოძიება 338-ე მუხლით მიმდინარეობს ("განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება"). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.