თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია სუს-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა", — ნათქვამია განცხადებაში.
ზაზაშვილი დააკავეს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ მას ანგარიშზე თანხის ნაწილი — 15 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საკრებულოს დეპუტატს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზაზა ზაზაშვილი საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარეა. საკრებულოში ის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გავიდა, როდესაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში სოფელ რუისში გაიმარჯვა.