თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რაც აგვისტოში დაიწყება, პორტს ერთდროულად მეტი რეისების მომსახურების საშუალებას მისცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ლოუკოსტერი კომპანიები ახორციელებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.
"აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს", – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ეს, რკინიგზის ახალ პროექტთან ერთად, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.
ქუთაისში სამკილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მგზავრებს მატარებლით ქუთაისის აეროპორტის ტერმინალამდე მისვლის საშუალებას მისცემს, მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ერთი წელი გაგრძელდება.
ქუთაისის აეროპორტი საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია. 2017 წლის ექვს თვეში ის დაახლოებით 185 ათას მგზავრს მოემსახურა.