ქართული ესტრადის დედოფალი ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია

© Sputnik / Alexander Imedashviliნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი და სახალხო არტისტი, ქართული ესტრადის დედოფლად წოდებული ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა.

ქალბატონმა ნანიმ თითქოს დრო შეაჩერა – ის დღესაც ისეთივე დახვეწილი და ელეგანტურია, როგორც მრავალი წლის წინ.

ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არაერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. ნიკოლოზ რაჭველმა იუბილეზე მას ემოციური სიტყვები მიუძღვნა: „თუ ქართულ (და არა მარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი, ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზედ რთულია მის სტანდარტთან მიახლოვება! მისი გემოვნება, შემოქმედებითი ცხოვრების გზა, ღვთისნიერება და პიროვნული ღირსებები მაგალითი იყო, არის და იქნება ჩემთვის მუდამ!“

მართლაც, უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძე დღემდე წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.

ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა გენეტიკურად ერგო. მართლაც, დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, ხუთი და და ძმა ასევე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პატარა ნანი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს გიტარის თანხლებით ასრულებდა.

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

1959—64 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.

მისი პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უკავშირდება 1964 წლის გასტროლებს პარიზში მოსკოვის მიუზიკ-ჰოლთან ერთად. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ „ოლიმპიაში“, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ „ორერაში“, სადაც 15 წელი მღეროდა. 

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
„...Это же не Нани! Это совсем სხვა დონე!“

1980 წლიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო–კარიერა დაიწყო. მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს და უამრავი ახალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელიცაა.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.

ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვა.

1974 წელს ნანის მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ 2001 წელს გაიხსნა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია

1983 — სსრკ სახალხო არტისტი

1974 — საქართველოს სახალხო არტისტი

1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი

1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი

ღირსების ორდენი

ნანის მუსიკალურ გზას შვილი — ეკა მამალაძე და შვილიშვილი — ნატალია ქუთათელაძე აგრძელებენ. ნატალიამ საოპერო კარიერა აირჩია. ახლა ისინი ხშირად სამნი დგანან სცენაზე.

© courtesy of Nani Bregvadzeნანი ბრეგვაძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად
ნანი ბრეგვაძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ნანი ბრეგვაძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ ლეგენდარულ ქალბატონს იუბილეს და ამ მასალას მისი სიტყვებით დავასრულებთ: „თუ ვინმემ ხელი მოგკიდა და ხელში აყვანილი გატარა, უკან მოხედვისას შენს გავლილს ვეღარ დაინახავ, ვერც მომღერლად შედგები და ყოველთვის სხვას დაელოდები დასახმარებლად".

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0