„...Это же не Нани! Это совсем სხვა დონე!“

© photo: courtesy of Nani Bregvadzeნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ საოცარმა ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ ბრძანა, რომ სულ მალავდა თავის ასაკს... ამაშია მთელი ნანი! თავისი ბავშვურობამდე მისული გულუბრყვილობითა და გულწრფელობით...

ისიც კი არ იცის, ასაკის დამალვა როგორ ხდება და ამას, მინიმუმ, პასპორტის გადაკეთება რომ სჭირდება, რაც ამ ბოლო დროს საქართველოში, სავარაუდოდ, შეუძლებელია, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქალბატონები „ახალგაზრდებოდნენ“, თანაც ზოგჯერ სასაცილომდე არარეალურად… მაგალითად, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჩემი კურსელის პასპორტი, რომელშიც ის 7 წლით იყო ჩემზე უმცროსი და, გეფიცებით, რომ არც მე ჩავრჩენილვარ არც ერთხელ კურსზე და არც ის ყოფილა ვუნდერკინდი… ქალბატონი ნანი კი თავის ნამდვილ პასპორტს აწვდიდა ყველა სასტუმროს ადმინისტრატორს, აეროპორტის მოლარეს და ასე „მალავდა ასაკს“…

როდესაც მესმის სიტყვა ნანი, რატომღაც სულ თვალწინ მიდგება ქართული ვაზი… ქალბატონი ნანივით ტანადი, ლამაზი, სუფთა, ნიჭიერი და ფესვებამდე ეროვნული… ჩემთვის ნანი ბრეგვაძის შესრულებით რევაზ ლაღიძისა და იოსებ ნონეშვილის შესანიშნავი სიმღერა „ნაზო, ქალწულო, დალალდაწნულო“ არის საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი – როდესაც ვისმენ, მართლა ვმაღლდები და მხრებში ვიშლები…

მე ძალიან მიყვარს ნანი ბრეგვაძე, სულ ბავშვობიდან… მართალია, ისე მშვენივრად გამოიყურება, და ამას ყოველგვარი ქათინაურის გარეშე ვამბობ (მის მიმართ არაგულწრფელობას ვერასდროს დავუშვებ), რომ ვეღარ ვგრძნობ ჩვენ შორის ასაკობრივ განსხვავებას… მაგრამ ფაქტია, რომ ის ჩემი მშობლების ახლო მეგობარი იყო და მაშინ ეს განსხვავება არსებობდა… 

© courtesy of Nani Bregvadze დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე
 დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე

რამდენჯერ ჩემს დედიკოს ნანისთან ერთად გავუმგზავრებივარ თვითმფრინავით მოსკოვში, სადაც ჩემი ბიძია — ზურიკო ანჯაფარიძე (რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესტრადის მხოლოდ ერთ მომღერალს აღიარებდა და ეს მომღერალი ნანი იყო) ტრაპთან მხვდებოდა… 

იმის გამო, რომ ჩემი დედიკო საქართველოს ტელევიზიის საესტრადო გადაცემების რედაქციის უფროსი იყო 35 წლის განმავლობაში, მე ნანის ყველა ჩაწერაზე თან დავყავდი და ტელევიზიის კულისებიდან ჩუმად ვუყურებდი საოცარ მანდილოსანს, რომლის შემოსვლა სტუდიაში უხაროდა არა მხოლოდ ყველა იქ დამსწრეს, არამედ, მგონი, გამანათებელ საშუალებებს და ტექნიკასაც კი…

ყოველთვის თავმდაბალი და ამასთანავე დედოფალივით ღირსეული… თბილი, კეთილგანწყობილი, საოცარად ლამაზი ნანი სადმე თუ შემამჩნევდა და გამიღიმებდა თავისი შეუდარებელი ირმის თვალებით, ჩემი მკაცრი დედიკოს გაფრთხილების მიუხედავად, გიჟივით გამოვვარდებოდი და ჩავეხუტებოდი ხოლმე… წლები გადის და დღესაც რომ ვხედავ, იგივე აღფრთოვანება მეუფლება – მისი ჩახუტება და ყურადღება ისეთივე სიამაყესა და ბედნიერებას მანიჭებს… 

ჟამთა სვლამ, სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ მყოფი ბევრი ადამიანი შეცვალა, მაგრამ ნანი ისევ ისეთი დარჩა… და ნურავის ჰგონია, რომ მისი ცხოვრების გზა სულ ია-ვარდებით იყო მოფენილი… ადამიანს როცა იმის ძალა შესწევს, რომ არ შეგაწუხოს თავისი ტკივილით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ სტკივა… ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია საოცარი შინაგანი კულტურა  და დიდი ადამიანობა…

არ შემიძლია, როგორც მანდილოსანმა, არ აღვნიშნო ქალბატონი ნანის არაჩვეულებრივად დახვეწილი გემოვნება… აქ უკვე საუბარი აღარ არის მოდაზე, საკითხი მაღალ სტილს ეხება… არ მახსოვს, რომ ერთხელ მაინც გულში მეფიქრა — „ეჰ, ნეტავი სხვა რამით გამოსულიყო სცენაზე ნანი“. აი, სულ ისე ეცვა და აცვია, რომ სიამაყეს ვგრძნობ არა მარტო მისი ხელოვნების, არამედ მისი ამ ნიჭის გამოც, რომელიც, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არტისტისთვის. და რაც უფრო დიდია არტისტი, მით უფრო მნიშვნელოვანია… მთავარი კიდევ, იცით, რა არის? დღეს მართლა კარგი კაბის შეძენა რთული არ არის, მაგრამ მოხდენა და ტარებაა ძნელი. რამდენჯერ მინახავს ქალბატონი ნანი ძალიან სადად ჩაცმული და სულ ერთი რაღაც დეტალი, შტრიხი, მაგალითად, შარფი, ოდნავ სხვანაირად შეკრული, თავადური ჟესტი და… მორჩა და გათავდა იქ ყველაფერი.

© courtesy of Nani Bregvadzeნანი ბრეგვაძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად
ნანი ბრეგვაძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ნანი ბრეგვაძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად

ერთიც მინდა დღეს გავიხსენო, რაც, ჩემი აზრით, ბევრის მთქმელია – როდესაც დედა გარდაიცვალა, ქალბატონი ნანი პანაშვიდებზე ფეხაკრეფით, კედელ-კედელ შემოდიოდა და სულ ბოლოში, კუთხეში ჩამოჯდებოდა ხოლმე, რომ თავისი მობრძანებით არავისი ყურადღება არ მიექცია… მე კი მეღიმებოდა, რადგან მახსენდებოდა ჩემი უკრაინელი დედიკო გალიჩკა (რომელსაც ნანი საოცრად უყვარდა) როგორ მეუბნებოდა ხოლმე რომელიღაც მომღერალზე — „წარმოგიდგენია, გადაცემაზე დავპატიჟე და პასუხის გასაცემად დარეკვაც კი არ იკადრაო!“ მერე დაამატებდა არტისტულად და კატეგორიულად: „Ну, რას იზამ, это же не Нани! Это совсем სხვა დონე!“ და ეს  „это же не Нани! Это совсем სხვა დონე!“ მეორდებოდა თითქმის ყოველდღე, თან სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული…

მე მინდა ქალბატონ ნანის მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას მაგივრად ვთხოვო, რომ იყოს ძალიან დიდხანს ასეთივე მშვენიერი და საოცარი, რადგან, სხვა თუ არაფერი, ჩვენია, ჩვენ გვჭირდება! და ახლა, ამდენად ჩვენი რომ არის, და ასე რომ გვიყვარს, ეს კი უკვე მართლა მისი ბრალია და ამაში მართლაა „დამნაშავე“…

…ნანი ნაზია… ნანი ვაზია… ნანი ნიავი არის მდელოსი…

…ნანი ჩემია… ნანი თქვენია და, ესე იგი… საქართველოსი!!!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0