მაკა გიორგობიანი: ოჯახთან ერთად მოგზაურობა განსაკუთრებული და შთამბეჭდავია

© FB/ Maka-Mariam Giorgobianiმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანია. პროფესიიდან გამომდინარე ქალბატონი მაკა ძალიან ბევრს მოგზაურობს. იგი 30-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი.

როგორც ქალბატონმა მაკამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება იაპონიამ მოახდინა. საუცხოო და შთამბეჭდავი იყო მალაგა და მარბელა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბევრ განვითარებულ, ულამაზეს და უძლიერეს ქვეყანაშია ნამყოფი, საქართველოს გარდა ვერსად იცხოვრებდა.

© მაკა გიორგობიანის პირადი არქივიმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მაკა გიორგობიანი

– თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ბევრს მოგზაურობთ, რამდენად სასიამოვნო პროცესია მოგზაურობა თქვენთვის?

— ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროფესია მაძლევს საშულებას ხშირად ვიმოგზაურო, საქმესთან ერთად, თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში ამა თუ იმ ქვეყნის გარკვეული ღირსშესანიშნაობები დავათვალიერო, გავეცნო კულტურას, ისტორიას, სამზარეულოს და ა.შ. მოგზაურობა ტოვებს ძალიან ბევრ სასიამოვნო მოგონებას, პოზიტიურ შთაბეჭდილებას, ლამაზ ფოტოებს. როცა საქმე და მოგზაურობა ერთად გამოგდის, ეს იდეალური ვარიანტია. თუ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ვარ უცხო ქვეყანაში, ყოველთვის ვცდილობ ბოლო დღე მოვიტოვო იმისთვის, რომ ღირსშესანიშნაობები მოვინახულო.

© მაკა გიორგობიანის პირადი არქივიმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მაკა გიორგობიანი

– დაგითვლიათ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— რაც მახსენდება 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათ შორისაა იაპონია, ჩინეთი, მალაიზია და ა.შ. ალბათ გამოვყოფდი იაპონიას, რადგან ამ ქვეყანამ წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.

– როცა შორეულ ქვეყნებში მოგზაურობთ, მგზავრობის დროს დისკომფორტი არ გექმნებათ?

— ჩემთვის ფრენა ყოველთვის სასიამოვნო იყო. შორი ფრენები არასოდეს მიქმნიდა დისკომფორტს, პირიქით, თვითმფრინავი ის ადგილია, სადაც ცოტა ხნით მაინც ვრჩები ჩემ თავთან მარტო, ტელეფონი არ რეკავს და იზოლირებული ვარ. ამ ბოლო დროს ცოტა დაძაბული დავფრინავ, თუნდაც ამ ტერაქტების გამო. გარკვეული შიში ამ ფაქტმა შემოიტანა ჩემში. სხვა მხრივ არანაირი დისკომფორტი არ მაქვს.

© მაკა გიორგობიანის პირადი არქივიმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მაკა გიორგობიანი

– ოჯახთან ერთად რამდენად ხშირად გიწევთ მოგზაურობა?

— წელიწადში ერთხელ აუცილებლად ვგეგმავ ოჯახთან ერთად მოგზაურობას. როცა საქმიანი ვიზიტია, იმდენი დრო ნამდვილად არ მრჩება, რომ ყველაფერი მოვინახულო, რისი ნახვაც არის შესაძლებელი. თან ოჯახთან ერთად ეს პროცესი განსაკუთრებული და შთამბეჭდავია. როდესაც ოჯახთან ერთად მივდივარ, იქ უკვე დაგეგმილად, ყველა დღე გაწერილი მაქვს და ვიცი, როდის სად უნდა წავიდეთ, რომელი მუზეუმი თუ ღირსშესანიშნაობა ვნახოთ.

– როგორ ადგილებს ანიჭებთ უპირატესობას, კურორტებს, თუ ისეთ ქალაქებს, ქვეყნებს, სადაც ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება?

— იქიდან გამომდინარე, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ განებივრებული თავისუფალი დროით, ყოველთვის ვცდილობთ ისეთი კურორტი შევარჩიოთ, სადაც დავისვენებთ კიდეც და ღირსშესანიშნაობებსაც გავეცნობით. უფრო დასვენებას ვგეგმავთ ხოლმე, ვიდრე კონკრეტული ქალაქის დათვალიერებას. თუმცა ყოველთვის ვცდილობთ ისე დავგეგმოთ ტური, რომ ორივე ერთად იყოს.

© მაკა გიორგობიანის პირადი არქივიმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მაკა გიორგობიანი

– ზაფხულის კურორტებიდან ყველაზე მეტად რომელმა მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

— მთელი ოჯახი ვიყავით ესპანეთში – მალაგასა და მარბელაში. საუცხოო, ლამაზი სანაპირო აქვთ, ულამაზესი ბუნება. ამ კუთხით ესპანეთს გამოვყოფდი.

– ვიცით, რომ ძალიან კარგი კულინარი ხართ, რომელი ქვეყნის სამზარეულოს შეაფასებდით, როგორც ყველაზე გამორჩეულს?

— ალბათ გამოვყოფდი ესპანურს და გარკვეულწილად იტალიურ სამზარეულოს. სადაც არ უნდა წავიდე, პირველად ვკითხულობ რომელია ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციული, გამორჩეული კერძი. აუცილებლად ვსინჯავ ამ კერძს და თუ განსაკუთრებულად მომეწონა, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ინგრედიენტებს და მომზადების წესს. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, აუცილებლად ვაკეთებ და ოჯახის წევრებსაც ვუზიარებ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს უცხო კერძების მომზადება, მით უმეტეს, როცა ძალიან გემრიელი გამოდის. ორმაგი სიამოვნება და სიხარულია, თუ იმ ადამიანებსაც მოსწონთ, ვისაც უმზადებ.

© მაკა გიორგობიანის პირადი არქივიმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მაკა გიორგობიანი

– არსებობს ქვეყანა, სადაც დაუფიქრებლად იცხოვრებდა მაკა გიორგობიანი?

— მაკა გიორგობიანი დაუფიქრებლად მხოლოდ საქართველოში იცხოვრებდა. სხვა ქვეყნებში მხოლოდ ვიმოგზაურებდი.

– ქვეყანა, სადაც ოცნებობთ, რომ მოხვდეთ…

— არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს ავსტრალია. ძალიან მიყვარს ცხოველები და რატომღაც მგონია, რომ იქ განსხვავებული ბუნება და ცხოველთა სამყაროა.

© მაკა გიორგობიანის პირადი არქივიმაკა გიორგობიანი
მაკა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
მაკა გიორგობიანი

– თქვენი პროფესიიდან გამომდინარე რატომღაც ვიფიქრე, რომ ცივ ქვეყანას დაასახელებდით.

— ფაქტიურად ყველა ცივ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ცივ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებდი. ჩემთვის სიცივე მხოლოდ მთასთან ასოცირდება და იქ უფრო გავძლებ, ვიდრე ქალაქში. მთაში სიამოვნებით გავატარებ დიდ დროს. თუმცა, იქ, სადაც მე ძალიან კომფორტულად ვიგრძნობ თავს, უნდა იყოს ბევრი მზე, სითბო და სინათლე.

– რომელ ქვეყანაშია განვითარებული და მაღალ დონეზე აყვანილი ფიგურული სრიალი?

— ძალიან კარგად არის განვითარებული როგორც რუსეთში, ასევე იაპონიაში. ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ და ძალიან პოპულარულია ამ ქვეყნებში სპორტის ეს სახეობა. კარგად ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ დღეისათვის წამყვანი ადგილი მაინც რუსეთს უკავია.

– ალბათ თქვენც ხშირად მასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს. თქვენ რით იწონებთ თავს, რა ღირსშესანიშნაობებს აჩვენებთ, სად მიგყავთ ისინი?

— ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთან უცხოელი კოლეგა ჩამოსულიყო და უკან აღფრთოვანებული არ დაბრუნებულიყოს როგორც ბუნებით, ისე კულტურით, კერძების მრავალფეროვნებით, სტუმარმასპინძლობით და ა.შ. ყოველთვის სიამაყით ვიღებ სტუმრებს, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნით ნებისმიერი უცხოელი მოიხიბლება. შეიძლება ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში მიწევს მოგზაურობა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაზე ლამაზი არც ერთი არ არის. ჩვენთან ყველაფერი შერწყმულია. ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად აქვს მთაც, ზღვაც, ერთად ამდენი კურორტი, მრავალფეროვანი ხილის ასორტიმენტი და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ყველაფერს არ ვაფასებთ. არც ერთ ქვეყანაში არ არის იმდენი ტაძარი და სიწმინდე, რაც ჩვენ ქვეყანაში. ამით ნამდვილად ვართ გამორჩეული.

ყველა ახალი ამბავი
0