ნანის მრავალი წელია ვიცნობ. რაც თავი მახსოვს, სულ ვიცნობ. მის შემოქმედებასაც, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ ერთმანეთი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსკოვში გავიცანით. მე საქართველოსთან დაკავშირებულ რაღაც ღონისძიებაზე მიმიწვიეს. იქ ბევრი მოსკოველი ქართველი იყო და ჩემთან ნანის პიანისტი და კონცერტმაისტერი მედეა გონგლიაშვილი მოვიდა. მაშინ ხშირად გამოვდიოდი თეატრში და მას ტელევიზორში ვყავდი ნანახი. მოვიდა, ბევრი საქებარი სიტყვა მითხრა, და მერე ნანის გადაუჩურჩულა: „ნანი, ნანი, ეს ის ბიჭია, მე რომ გეუბნებოდი“. მას შემდეგ მე და ნანი დავმეგობრდით და ხშირი ურთიერთობა გვაქვს.
ნანი საოცარი ადამიანია, არაჩვეულებრივი. მომღერალი თავისი უნიკალური სტილით, რისი უნარიც ბევრს არ აქვს. მას მუსიკის ფენომენალური აღქმა აქვს, მისი ყველა ნომერი ყოველთვის საოცარი გემოვნებითაა შესრულებული. მას ხმის ტემბრის ფანტასტიური კულტურა აქვს და კიდევ ეს შარმი!
მგონია, რომ ნიშა, რომელსაც წლებია ნანი ბრეგვაძე იკავებს, ახლა ცარიელია. ის ნაწილობრივ ისევე ცარიელია, როგორც ნიშა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ესტრადაზე ალა პუგაჩოვას ეჭირა. ეს ისაა, როცა მომღერალს შეუძლია ერთ სიმღერაში მთელი სპექტაკლი შეასრულოს. ამიტომ მათ მხოლოდ მომღერლებს ვერ უწოდებ. ეს დიდი მსახიობები არიან, რომელთაც შესწევდათ ძალა ყოველ მინიატურაში ახალი სახე შეექმნათ და 2-3-საათიანი კონცერტის მანძილზე მრავალ როლი შეესრულებინათ. ასეთი მოვლენა, სამწუხაროდ, დიდი ხანია ესტრადიდან წავიდა.
საინტერესოა, რომ ნანი ბრეგვაძის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის უფრო სხვაგვარი იყო, ვიდრე დანარჩენების მიმართ. იმიტომ რომ ნანი არაჩვეულებრივი კუტურის მქონე ადამიანია და მე ვიცნობ ბევრ ქალს, რომელთათვისაც ნანი მისაბაძი მაგალითია — მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე, როგორ უნდა საუბრობდე. ერთი სიტყვით, ნანი — საოცარი ღირსების მატარებელი ადამიანია.
დაბადების დღეს ჩემს ნანის მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და რომ ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებდეს. რომ ის ენერგია, სიხარული, ბედნიერება და სიამოვნება, რასაც ის ამდენი წლის მანძილზე სცენიდან მილიონობით ადამიანს აძლევდა, მას, მის ახლობლებსა და მეგობრებს დაუბრუნდეს.