საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე უარი განაცხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველი ქალაქების შესახებ მიღებული კანონპროექტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო „თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელთა თანახმად, აგვისტოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 12-დან 7 ქალაქმა უნდა დაკარგოს. 

ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომელთა თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს კარგავენ ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. ეს სტატუსი მათ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ მიიღეს. ამავე პაკეტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ინარჩუნებენ თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი. 

„როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა, თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის — ამომრჩევლის მიმართ“, — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რას დათმობს „ქართული ოცნება"

ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმაც სთხოვეს, რომლებიც მანამდე მას შეხვდნენ და თავისი არგუმენტები გააცნეს.

თუმცა, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები გააჩნია.

ცვლილებების თანახმად, 1 აგვისტოდან ასევე უქმდება რაიონის გამგებლის თანამდებობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს. სანაცვლოდ გაჩნდება რაიონის მერის თანამდებობა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების მერებთან ერთად პირდაპირი კენჭისყრის გზით ოთხწლიანი ვადით აირჩევა.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, ამ ცვლილებების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის ერთიანი პრინციპით განვითარება, ეფექტური მართვის ხელშეწყობა და ადმინისტრაციული რესურსების შემცირების გზით კაპიტალური ხარჯების გაზრდა. ეს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აზრით, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0