სამორი ბალდეს ქართული Hip-Hop-ები და გურია – როგორც მონატრების გეოგრაფიული პუნქტი

© სამორი ბალდეს პირადი არქივისოფო ბარნოვი და სამორი ბალდე
სოფო ბარნოვი და სამორი ბალდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამორი ბალდე - მუსიკოსი და შოუმენი, ნიჭიერი და მიზანდასახული. პოპულარობა მას პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები" გამარჯვებამ მოუტანა. დღეს ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.

როგორც თავად ამბობს, საქართველოში ე.წ. „კომფორტული ზონიდან“ გამოსული, ამერიკაში Hip-Hop-ის უნივერსალურ სუბკულტურას კიდევ უფრო დაუახლოვდა და თავისუფალ კონტინენტზე ქართულ ენაზე დაწერილ სამამულო პროდუქტს ქმნის. როგორია ურბანული ფოლკლორის მისეული ფილოსოფია, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

© სამორი ბალდეს პირადი არქივისამორი ბალდე
სამორი ბალდე - Sputnik საქართველო
სამორი ბალდე

– სამორი, საქართველოში პოპულარულ ადამიანს ამერიკაში, ალბათ, ნულიდან მოგიწიათ ცხოვრების დაწყება?

— ხანდახან იმისთვის, რომ წინ გადადგა ერთი ნაბიჯი, ორი უკან უნდა გადადგა. თუმცა მე ნაბიჯი გადადგმულად არ მიმაჩნია. ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრების ახალ ფაზაში გადასვლაა, ასე ვთქვათ, გარდაუვალი გარდამავალი პერიოდია. არ უნდა გეშინოდეს ე.წ. კომფორტული ზონიდან გასვლა, რადგან ზოგჯერ ასეთი „კომფორტი”, კარგად რომ დააკვირდები, უმეტეს შემთხვევაში თბილი და, ერთი შეხედვით, ლამაზი, მაგრამ მაინც ჭაობი აღმოჩნდება ხოლმე…

© სამორი ბალდესპირადი არქივისამორი ბალდე
სამორი ბალდე - Sputnik საქართველო
სამორი ბალდე

– როგორ ესმით ამერიკელებს ქართულ ენაზე დაწერილი Hip-Hop, უჩვეულოდ ხომ არ მიაჩნიათ და თქვენთვის რას წარმოადგენს ამგვარი კულტურა?

— რეპი „ურბანული ფოლკლორის" ნიმუშია. Hip-Hop-ის კულტურა ურბანული ფოლკლორია, რაც მას გლობალურს ხდის, რადგან ქალაქი ყველგანაა. დღეს ქალაქური ყოფის ნიუანსები და ზოგადი ენერგეტიკა დედამიწის მცხოვრებთა უმეტესობისთვის ახლო და მშობლიურიც კი არის. ეს გახლავთ Hip-Hop კულტურის ასეთი მარტივი გავრცელების მიზეზი, უნივერსალური სუბკულტურა, რომლის იდეოლოგია უადვილესად ერგება ნებისმიერი აღმსარებლობის და კულტურის მქონე ერს, რადგან ის ავტომატურად არ მოითხოვს უპირობო, ფუნდამენტურ ცვლილებას ცნობიერებაში იმისთვის, რათა მისი ნაწილი გახდე. მას იმდენად უღრმავდები, რამდენადაც საჭიროდ თვლი. ის არ ქმნის ბარიერს შენსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის. ჩემ აქაურ მეგობრებს ქართული Hip-Hop-ის შეფასება არ უჭირთ, ისინი ეგრევე ხვდებიან, ის "სწორად" არის გაკეთებული თუ არა. ხარისხის აღქმის უნარიც უნივერსალურია.

– ვინ არის ამერიკაში თქვენი მსმენელი, რომელიც ამგვარად, „სწორად“ გაკეთებულ პროდუქტს ზუსტად აღიქვამს?

— სამიზნე აუდიტორია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართულენოვანი საზოგადოებაა, უმეტესწილად ახალგაზრდები. ჩვენ სამამულო პროდუქტს ვქმნით და არ ვცდილობთ გავყვეთ ისეთ ტენდენციებს, რომლებშიც არ ჩანს ორიგინალობა, ჟანრის ტრადიციების მიმართ ელემენტარული პატივისცემა, სწრაფვა ადამიანური ცნობიერების გაფართოებისკენ, განათლებისკენ, შინაგანი განვითარებისკენ (ჩვენ, ანუ Digmassive-ის შემადგენლობაში მყოფი არტისტები). ყველა დანარჩენი კი თავად ისახავს პრიორიტეტებს ცხოვრებაშიც და Hip-Hop-შიც, რაც ბევრისთვის ერთი და იგივეა. რაც საქართველოდან წამოვედით, გამოსვლა არ მქონია. სტუდიურად ვმუშაობ რამდენსაც ვასწრებ, და ვცდილობ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული ალბომი ბოლომდე მივიყვანო. მისი დასრულება ძალიან გაიწელა, მაგრამ აქამდე ფიზიკურად არ მქონდა დრო…

© სამორი ბალდეს პირადი არქივისამორი ბალდე და სოფო ბარნოვი
სამორი ბალდე - Sputnik საქართველო
სამორი ბალდე და სოფო ბარნოვი

– საინტერესო ბედის ადამიანი ხართ, როგორ ფიქრობთ, რა დოზითაა თქვენში ქართული და რა დოზით — აფრიკული?

— გენეტიკა არავითარ შემთხვევაში არ არის ცარიელი სიტყვა და მას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე, მაგრამ ის, თუ ვინ არის სინამდვილეში ადამიანი, ამას უკვე ცნობიერება განსაზღვრავს. ჩემი ოჯახი მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში, ყველასთან კარგი ურთიერთობა და ხშირი კონტაქტი მაქვს. ჩემი ცნობიერება საქართველოში, ქართველ ადამიანებთან ურთიერთობით ჩამოყალიბდა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ჩემ შემთხვევაში სისხლთა ნაზავის ბალანსი უფრო ნომინალური მაჩვენებელია, ანუ ბევრად უფრო ქართველი ვარ, ვიდრე აფრიკელი, თუმცა აფრიკული გენები ბევრ რამეში მადგება.

© სამორი ბალდეს პირადი არქივისამორი ბალდე
სამორი ბალდე - Sputnik საქართველო
სამორი ბალდე

– როგორია თქვენი ცხოვრება მუსიკის მიღმა?

— მუსიკის გარდა, როგორც ყველა ზრდასრულ ადამიანს, მეუღლეს, მშობელს, მაქვს ვალდებულებები და დიდი პასუხისმგებლობა, რომ მოვლენები ისე ვითარდებოდეს, როგორც ჩვენ გვსურს. საჭიროა ბევრი დრო და შრომა, ჩემი სიტუაცია არ არის უნიკალური. საკმაოდ სტანდარტული ყოფის მოდელია.

– თბილისში დაიბადეთ და ზაფხულობით გურიაში ჩადიოდით, დღეს რას უკავშირდება თქვენი მონატრება?

— გავიზარდე თბილისში, დიღმის მასივში. უბრალოდ ზაფხულობით, როგორც ბევრი ქალაქის მცხოვრები, დავდიოდი დასასვენებლად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში, რომელიც ჩემი ბავშვობის (და არა მხოლოდ) უამრავი ბედნიერი მოგონებების წყაროა. სიმართლე რომ ვთქვა, საქართველოს მონატრება, როგორც წესი, ზუსტად ამ გეოგრაფიულ პუნქტს უკავშირდება და არა თბილისს… ახლობელი ადამიანები კი ადგილმდებარეობის მიუხედავად მენატრებიან…

ყველა ახალი ამბავი
0