თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი თამაზ გოგიას მიმართ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით საპატიმროში 7 წელზე მეტი გაატარა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა 2009 წლის ნოემბერში მათ საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს. 2010 წელს მკვლელობისთვის 17 წლის პატიმრობა მიესაჯა გოგიას, რომელმაც ჩადენილი დანაშაული არ აღიარა.
„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2010 წლის 13 აგვისტოს თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თითქოსდა დანაშაულის ჩადენას ამტკიცებდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ გოგიას ბრალეულობა გამორიცხა.
„გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ახალმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გოგიას ბრალეულობის მტკიცებულებები გაყალბებულია.
თამაზ გოგია ხუთშაბათს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გოგიას უდანაშაულობაზე ერთი წლის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნინუების ოჯახის მკვლელობასთან, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ბიძინა კუჭავას — რადიოსადგურ „საქართველოს ხმის“ ყოფილ დირექტორს.
გამოძიება კუჭავაზე 2016 წელს პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმის გამოძიებისას გავიდა. თუმცა კუჭავას დაკავება ვერ მოხერხდა — მან თავი მოიკლა, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა ის მანქანა, რომელშიც ის იმყოფებოდა.
მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კუჭავა ოთხი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ნინუების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, საქმის გარემოებათა მსგავსების გამო.