თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობებიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამო მოხსნეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. იქ მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბაქოს სასამართლომ მას 31 მაისს პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. საქართველოს შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება და შესაბამისი სამსახურების ხელძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე, მეორე მხრივ – კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე.
მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენი უწყების რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებით არავითარი კითხვა არ დარჩეს“, — განაცხადა მღებრიშვილმა.
მინისტრმა, ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ ის და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური თავიანთი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან.
„ჩვენ, როგორც უწყებების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია, და რადგან ნებისმეირ შემთხვევაში საზღვრის კვეთა დაუდგენელ გარემოებაში მოხდა, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, — განაცხადა მღებრიშვილმა.
მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად აქციები არაერთხელ გამართეს.
მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხოეთშიც მოჰყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო, საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
აზერბაიჯანში მასმედიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე და მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო.