თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით დევნოზაშვილი და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო 2011 წელს ოთხ ფოტოგრაფზე ზეწოლის განხორციელებაში შპიონაჟის ბრალდებით მათი დაკავების დროს, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ოთხი ფოტოგრაფის საქმე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. ფოტოგრაფების დასაცავად მაშინ ჟურნალისტები და ოპოზიცია გამოვიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ღია გამოძიებას მოითხოვდნენ, რასაც გრიფი „საიდუმლო“ შეუძლებელს ხდიდა. საქმეს გრიფი რამდენიმე კვირის წინ მოეხსნა.
7 წლის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ ფოტოგრაფები შპიონაჟში დამნაშავეები არ ყოფილან. პროკურატურის მონაცემებით, ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ხელისუფლება გაუსწორდა იმ ფოტოებისთვის, რომლებიც მათ 2011 წლის 26 მაისს გადაიღეს საპროტესტო აქციის დარბევის დროს. საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად აისახა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულების ალექსანდრე მუხაძისა და დავით დევნოზაშვილის მიმართ. სასამართლომ ბრალდებულებს, ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა დავით დევნოზაშვილს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით“, — ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო დავით დევნოზაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ასევე ალექსანდრე მუხაძე გამტყუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულვებელყოფით, არაოფიციალურად ცალ-ცალკე შეხვდნენ დაკავებულ ფოტოგრაფებს და მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვეს წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში.
2011 წლის ივლისის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფები შპიონაჟში დამნაშავედ ცნო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზურაბ ქურციკიძეს 2 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს — სამ-სამი, ნათია გედენიძეს — 6 თვე.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ფოტორეპორტიორები პოლიტიკური ნიშნით დევნილებად აღიარეს და საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო.