საქართველოში საშიში ვირუსი დენგე დაფიქსირდა

© AFP 2024 / CHRISTOPHE SIMONკოღოები
კოღოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ბოლნისში წლის განმავლობაში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის მდედრი კოღოები არიან. ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკებში. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.

ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ახლა უკვე თითქმის გამოჯანმრთელებულია.

კოღო - Sputnik საქართველო
სპეციალისტები გვაფრთხილებენ: საქართველოში კოღოებისა და ტკიპების სეზონი იწყება

ბოლნისში ენტომოლოგთა ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ ადგილზე. ვირუსის გადამტანი კოღოების აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალისტები სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

ვირუსის შემთხვევა საქართველოში პირველად 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა.

დენგეს ძირითადი სიმპტომებია — მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.

დენგეს მძიმე ფორმა — პოტენციურად სასიკვდილო გართულებაა, რომელიც უკავშირდება პლაზმის დაღვრას, სითხის დაგროვებას, სუნთქვით უკმარისობას, ძლიერ სისხლდენას ან ორგანოების დაავადებას. ამ კრიტიკული სტადიის შემდგომი 24-48 საათი შესაძლოა ლეტალური გამოდგეს.

1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში მომხდარა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.

2016 წლის დასაწყისში რიგ ქვეყნებში დენგეს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა — Dengvaxia (CYD-TDV) დარეგისტრირდა, რომლის გამოყენებაც 9-დან 45 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0