თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პოლონეთის პროკურატურამ პოლიციის ორ თანამშრომელს მექრთამეობაში წაუყენა ბრალი, რომლებმაც ქრთამის სახით ერთი შეკვრა ორცხობილა აიღეს მძღოლისგან და აღარ დააჯარიმეს იგი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო PAP-ზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციელებს ძალაუფლების გადაჭარბებასა და ქონებრივი სარგებლის მიღებაში ედებათ ბრალი.
საოლქო პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, საუბარია 2016 წელს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც პოლიციელებმაც წესრიგის დამრღვევი მძღოლი არ დააჯარიმეს, ხოლო მისგან დაახლოებით 3,5 დოლარად ღირებული ორცხობილა მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა დანაშაული აღიარეს და 3 წლიანი პირობითი სასჯელი, ჯარიმის გადახდა და 5 წლის ვადით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უწყებებში მუშაობის დაწყების აკრძალვის შუამდგომლობა დააყენეს.
აღსანიშნავია, რომ თავი დამნაშავედ ასევე ცნო მძღოლმაც, რომელმაც ორცხობილით „მოქრთამა“ სამართალდამცავები და სასჯელად პირობითი სასჯელი და ჯარიმა მოითხოვა.