თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში 21-30 ივლისს ჩატარდება.
ფესტივალი ფოთში 2015 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა "დღეს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ასევე უცხოეთიდან, აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: სამი ირანული დასი — "დიმაკ თეატრალური ჯგუფი", "ხმა სიჩუმე, მოძრაობა", "კრეატიული თეატრალური კომპანია", პოლონეთის ქალაქ შცეშინის თეატრალური კომპანია "ნიემა", ხარკოვის თეატრალური დასი, უკრაინის დასი — "პუბლიცისტი" და თეატრი "ესკიზები სივრცეში" რუსეთიდან.
სცენაზე წარმოადგენენ როგორც თანამედროვე ქართველი და უცხოელი დრამატურგების, ისე მსოფლიო ლიტერატურის შედევრების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს.
ფესტივალის პროგრამაშია უილიამ შექსპირის, ნოდარ დუმბაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ფიოდორ დოსტოევსკის, მიხაილ ბულგაკოვის, ძმები გრიმების, ფედერიკო გარსია ლორკას, ედუარდო დე ფილიპოს, ვაცლავ ჰაველისა და სხვათა ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი დადგმები.
ფესტივალს დაესწრება სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორატი (მოლდოვა, ბელორუსია, სომხეთი, ესპანეთი, ირლანდია, პოლონეთი, ისრაელი, იტალია, სერბეთი).
დაგეგმილია რეგიონული თეატრების შოუ-ქეისის ჩატარება, რომლის მიზანია ქართული თეატრების წარმომადგენლებმა შეიძინონ საერთაშორისო კონტაქტები და მიეცეთ შანსი მოხვდნენ ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე.
გარდა ამისა, გაიმართება ვორქ-შოპები და მასტერკლასები. ერთ-ერთ მასტერკლასს ირანელ ახალგაზრდა მსახიობებს ჩაუტარებს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე; დაგეგმილია საერთაშორისო თეატრალური სემინარი "თეატრის მართვა და თანამედროვეობა" და სხვა.
ფესტივალი 30 ივლისს, სპეციალური პერფორმანსით დაიხურება, რომელსაც იტალიიდან მოწვეული მსახიობი და რეჟისორი კლაუდიო დი მალიო დადგამს.