ენერგეტიკული თვისებებით გამორჩეული სამკაული - ქართველი ხელოვანის საუცხოო ნამუშევრები

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბონდო შენგელია პროფესიით იურისტია, თუმცა საკუთარი პროფესიით არ უმუშავია. მისი საქმიანობის სფერო ყოველთვის უკავშირდებოდა ხელოვნებას. ბავშვობაში ჩხირკედელაობა მოსწონდა. ველოსიპედების, ხოლო შემდეგ უკვე ავტომობილების დაშლა-აწყობით იყო დაკავებული.

ბატონი ბონდო დღეს ხელნაკეთ სამკაულს და აქსესუარებს ქმნის. საოცარი სიზუსტით ასრულებს რთულ და დახვეწილ ნამუშევრებს, გამოჰყავს ულამაზესი ორნამენტები. მისი სამკაული ძირითად სპილენძისგან იქმნება, ვინაიდან, როგორც ბატონმა ბონდომ განაცხადა სპილენძი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული ლითონია.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელია
ბონდო შენგელია - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელია

— განათლებით იურისტი ვარ, თუმცა ჩემი საქმიანობის სფერო რაღაც დოზით ყოველთვის უკავშირდებოდა ხელოვნებას. ამჟამად ხელნაკეთი სამკაულების და აქსესუარების შექმნით ვარ დაკავებული. ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბედნიერებაა იყო დაკავებული საყვარელი საქმიანობით, რომელიც პარალელურად შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- ხელნაკეთი სამკაულის შექმნით როდის დაინტერესდით?

— წელიწადზე მეტია სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმეს, თუმცა ყოველთვის მიყვარდა რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის შექმნა — არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს უბრალო სანათი იყო, ჭაღი თუ რაიმე უცნაური მოწყობილობა. თავდაპირველად დავინტერესდი სპილენძით — როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ლითონით. ვცდილობდი მომეძიებინა მისი სასარგებლო თვისებები და წავაწყდი საკმაოდ ლამაზ, საინტერესო ნამუშევრებს, აღმოვაჩინე ჩემთვის სრულიად ახალი მიმდინარეობა და გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩემს მიერ შექმნილი ნივთები ასეთ დიდ მოწონებას დაიმსახურებდა და საკმაოდ მცირე დროში უამრავი ქალბატონი და მამაკაცი დაიწყებდა მათ ტარებას.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- მამაკაცებისთვის რა ტიპის სამკაულს ქმნით?

— მამაკაცებისთვის ძირითადად სამაჯურებს ვაკეთებ.

- თვითნასწავლი ხართ თუ მიიღეთ განათლება ამ კუთხით?

— თვითნასწავლი ვარ. ჩემს მიერ შექმნილ ნივთებს შექმნის თარიღების მიხედვით, რომ გადავხედავ, თავადვე ვხედავ, თუ როგორ ვვითარდები ამ სფეროში და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- რა მასალით იქმნება თქვენი ნამუშევრები?

— ჩემს ნამუშევრებში ძირითადი მასალა არის სპილენძი და ბუნებრივი ქვები.

- რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ მასალაზე? რით არის იგი გამორჩეული?

— სპილენძი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული, ეზოთერიკოსების აზრით კი უარყოფითი ენერგეტიკის მშთანთქავი ლითონია, რომლისგანაც განსხვავებული სტილის ულამაზესი ნივთები შეგიძლია შექმნა. სპილენძი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა — ეგვიპტელი ქურუმებიც კი ატარებდნენ ამ მასალით დამზადებულ სამკაულებს.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- ბუნებრივი ქვისგან დამზადებულ სამკაულს რამდენად ხშირად გიკვეთავენ? ადვილად მოიპოვება საქართველოში ბუნებრივი ქვები?

— საქართველოშიც ვყიდულობთ და ვიწერთ კიდეც. არის შემთხვევები, როდესაც პირიქით არ უნდათ ბუნებრივი ქვა — იმიტომ, რომ არ უნდათ რაიმე სახის ენერგეტიკა მიიღონ მისგან. ბუნებრივი და ცოცხალი ქვების მთავარი დატვირთვა სწორედ ეს არის. ქვამ შეიძლება დიდი სარგებელი მოგიტანოს, მაგრამ შეიძლება ცუდადაც იმოქმედოს ადამიანზე. ასე, რომ ვინც ცოტა გარკვეულია მინეროლოგიაში და ზუსტად არ იცის რა მინერალია მისთვის კარგი, ერიდება ხოლმე მის ტარებას.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- ჩემს ბავშვობაში მახსოვს ბეჭდებს თხელი სპილენძის მავთულით ვაკეთებთ. თქვენს ხელოვნებაშიც ბავშვობის გავლენა ხომ არ იგრძნობა?

— არა, ბავშვობაში ძირითადად ველოსიპედების დაშლა-აწყობით ვიყავით დაკავებული, შემდეგ უკვე ავტომობილების.

- ძალიან რთული ნამუშევრებია. ამ ყველაფერს ხელით ქმნით?

— ნამუშევარი იქმნება მხოლოდ ხელით, ყველანაირი დანადგარის, ღუმელის, შემადუღებლის ან სპეციალური მოწყობილობის გარეშე — ამ მეთოდს „wire wrapping“ ეძახიან.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- ალბათ თქვენს მეუღლეს ხშირად ანებივრებთ ორიგინალური სამკაულით. რა ნივთები გაქვთ მისთვის შექმნილი და როგორ აფასებს თქვენს ნამუშევრებს?

— საერთოდ დიდი ბედნიერებაა, როდესაც საყვარელი ადამიანისთვის საკუთარი ხელით შეგიძლია შექმნა ნივთი, ჩააქსოვო მასში სული და გული. ჩემი მეუღლე ნამდვილად განებივრებულია მისთვის შექმნილი ნივთებით და არა მხოლოდ მისთვის შექმნილით. ფაქტიურად სახლში სამკაულების კუთხით უდიდესი არჩევანი აქვს. ჩემი ყოველი ახალი ნივთის მთავარი შემფასებელი და კრიტიკოსიც ჩემი მეუღლეა. რა თქმა უნდა ძალიან მოწონს.

- როგორ ფიქრობთ საქართველოში ხელნაკეთ ნივთებს შესაბამისად აფასებენ?

— როგორ გითხრათ, არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც უყვარს ხელნაკეთი ნივთები, იციან, რომ თითოეულ ნაკეთობაში დიდი შრომაა ჩადებული და შესაბამისადაც აფასებენ, თუმცა კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება უამრავ ხელოვან ადამიანს, რომელიც საქართველოში საქმიანობს — ეს აუცილებელია თითოეული ჩვენგანის განვითარებისთვის. ხშირად გვსტუმრობენ უცხოელები, აკეთებენ სოლიდურ შენაძენს და გაოცებულები არიან ფასებით — იგივე ტიპის ნივთები უცხოეთის ბაზარზე 2-3-ჯერ ძვირია, თუმცა ქართულ ბაზარზე ასეთ ფასებით შეუძლებელი იქნება მუშაობა.

© თეა რუაძის პირადი არქივიბონდო შენგელიას ნამუშევარი
ბონდო შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბონდო შენგელიას ნამუშევარი

- სად ახდენთ ხელნაკეთი სამკაულის რეალიზებას?

— გვაქვს Facebook გვერდი Mariano's Handmade Jewelry-ის სახელწოდებით. ჩემი სამკაული მხოლოდ ონლაინ და ჩემს სახელოსნოში იყიდება. არ მინდა სხვადასხვა მაღაზიებში დიდი ფასნამატით იყიდებოდეს. ადამიანებს ძალიან მოსწონთ ჩვენს სახელოსნოში სტუმრად მოსვლა, საუბარი, დათვალიერება…

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— პირველ რიგში ჩემი გეგმა კიდევ უფრო მეტი განვითარებაა, რომელიც პრინციპში თავისთავად ხდება თითოეულ ახალ ნამუშევართან ერთად. შემდეგი ზაფხულისთვის კი ვგეგმავ საკუთარი არასტანდარტული გალერეა-სალონის გახსნას ძველი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას — გუდიაშვილის ბაღთან. მინდა განსაკუთრებული გარემოს შექმნა, სადაც არა მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება-შეძენის შესაძლებლობა ექნება ჩვენს სტუმარს, არამედ ძველი თბილისის შესახებ უამრავი საინტერესო ტრადიციის, ისტორიისა და ფაქტის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. ყველა ჩანაფიქრს წინასწარ არ გავამხელ, ყველაფერი დანარჩენი შემდეგ ზაფხულს გახდება ცნობილი. გულით მინდა ჩემი თბილისის უძველეს, ულამაზეს, ძვირფას გუდიაშვილის მოედანზე იყოს ადგილი, რომელიც მოედნის ყველა სტუმარს მოხიბლავს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0