თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. აჭარის მთებში ტურისტულ მარშრუტებზე მომუშავე გიდების გადამზადება დასრულდა — 60 პროფესიონალს სერტიფიკატები გადასცეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა.
ტრენინგები ორი თვის განმავლობაში 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით მიმდინარეობდა — დაცული ტერიტორიები, ფრინველებზე დაკვირვება, ღვინის მარშრუტი და მაღალმთიანეთი.
ეს იყო თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები, რომლებიც მოიცავდა აჭარის ისტორიას, ეთნოგრაფიას, ექსკუსიათმცოდნეობას, ჯგუფის ფსიქოლოგიას თეორიულ სწავლებას და საველე სწავლებას. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს რეგიონში პირველად ჩატარდა.
„მთიანი აჭარა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. შესაბამისად, გვესაჭიროება კვალიფიციური გიდები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს მხარეს ტურისტებს შეაყვარებს. მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სახე. ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და პროფესიონალი გიდი გვყავდეს რეგიონში", — განაცხადა ღლონტმა.