თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ბოროტმოქმედებმა სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისიდან მოიპარეს კომპიუტერი, რომელშიც მოსახლეობისგან შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა, ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინციდენტი სამშაბათს დილით მოხდა. ომბუდსმენის რეგიონული წარმომადგენლობის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ კარი გატეხილია, ტექნიკა კი წაღებულია.
„უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია", — აღნიშნულია განცხადებაში.
ქვემო ქართლი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.
იქვე აღნიშნულია, რომ საქმეში დილიდან ჩართულია შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურა. სახალხო დამცველის აპარატში იმედს გამოთქვამენ, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება.