ქართულმა მხარემ უარყო ინფორმაცია რუსეთში კიდევ ერთი — ავარო-კახეთის გზის შესაძლო მშენებლობის შესახებ. ბოლო დროს ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება.
აჟიოტაჟი მას მერე ატყდა, რაც დაღესტნის საგზაო მეურნეობის სააგენტომ ("დაგავტოდორი") გაავრცელა ვიდეო, რომელიც "ვანტლიაშევსკის უღელტეხილზე" გზის მშენებლობას ეხება. ეს გზა დაღესტნის რამდენიმე რეგიონს კვეთს.
როგორც Facebook-ის მომხმარებლები მიიჩნევენ, მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. განსაკუთრებულ ინტერესს დაღესტნის მოსახლეობა გამოხატავს, რომლებსაც საქართველოს გავლით აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა უფრო მოკლე გზით სურთ.
ავარო-კახეთის გზის მშენებლობის პროექტი XIX საუკუნის შუა პერიოდიდან არსებობს. მშენებლობაც იმავე პერიოდში დაიწყო, ვინაიდან გზას ენიჭებოდა სტრატეგიული მნიშვნელობა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა კასპიის ზღვის გასწვრივ რკინიგზის გაყვანის შემდეგ ეს რთული და ძვირადღირებული პროექტი გაიყინა.
2013 წლის ბოლოს დაღესტნის მთავრობამ რამაზან აბდულატიპოვის მეთაურობით საქართველოს მიმართულებით ავარო-კახეთის გზის მშენებლობის განახლების იდეა წამოაყენა. 2014 წლის აგვისტოში მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება 85 კმ გზის დაგება, 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენება დაღესტნის მთიან რეგიონებში. ეს გზა გახდება ახალი სახმელეთო მარშრუტი, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა და შავ ზღვაზე გასვლა იქნება შესაძლებელი, იუწყება საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი.
ამჟამად რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალია.
რადგან გზა მთებში გადის, ზვავსაშიშროების გამო ის ხშირად იკეტება, ამიტომ ალტერნატიული გზის საკითხი არაერთხელ დამდგარა. ამაში განსაკუთრებით სომხეთია დაინტერესებული, რომლისთვისაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო კავშირს წარმოადგენს.
ოფიციალური თბილისის პოზიცია
მოლაპარაკებები ავარო-კახეთის გზის თაობაზე არ მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
"შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ ეს თემა [ავარო-კახეთის გზა] არსად და არავისთან არ განხილულა. ასეთი პროექტი საქართველოში არ არსებობს. რა სახის მშენებლობა მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე და კერძოდ, დაღესტანში, მე ვერ ვიტყვი და დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია", — აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა კატეგორიულად უარყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ.
"რაიმე ტრანსნაციონალურ პროექტზე საუბარი არასდროს ყოფილა და არც იგეგმება. ერთადერთ მარშრუტი, რომელიც ჩვენ ამ დროისთვის რუსეთთან გვაკავშირებს ლეგალურად, არის ლარსის გამშვები პუნქტი და ამ მიმართულებით მთავრობას დაგეგმილი აქვს ასობით მილიონი ლარის დახარჯვა 3-4 წელიწადში. ეს არის და იქნება რუსეთთან დამაკავშირებელი ძირითადი არტერია", — განაცხადა სეთურიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დევდორაკის მყინვარისა და ჯვრის ხეობის გავლით გვირაბების მშენებლობა იგეგმება. აგრეთვე ჟინვალიდიან ქვეშეთამდე და კობიდან ლარსამდე საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.
აგრეთვე, რუსეთის საზღვრის მიმართულებით მოქმედი გზების შეკეთება მიმდინარეობს.
"ჩვენი მხრიდან მამისონის მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ჩვენ საკმაოდ სტრატეგიული ტურისტული ობიექტები გვაქვს, ვაკეთებთ რეაბილიტაციას გზისა, რომელიც პირდაპირ რუსეთის საზღვრამდე მიდის; ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდს გზა გაჰყავს როშკიდან არხოტამდე, რომელიც პირდაპირ რუსეთის საზღვრამდე მიდის; ასევე, ვაპროექტებთ ახალ გზას ომალოს მიმართულებით", — განაცხადა სეთურიძემ.