თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესმენები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოროშენკოს დახვდნენ ვიცე პრემიერი, განათლების მინისტრი — ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
იგეგმება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ მიმართული მთელი რიგი ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.
ასევე დაგეგმილია პოროშენკოს მონაწილეობა უკრაინა-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის გახსნაში თბილისში და ბათუმში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმში.
პოროშენკო საქართველოს 19 ივლისს დატოვებს.