თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი".
კაჭარავა მაისის დასაწყისში დააკავეს. მას წაუყენეს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლით "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა".
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 15 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა კაჭარავა.
თუ სასამართლოზე კაჭარავას ბრალეულობა დადასტურდება, მას 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მანამდე თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულის გამო ორჯერ არის ნასამართლევი.
ანა მარგველაშვილმა კაჭარავას დაკავების შემდეგ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდეს. ანა მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც ნარკოტიკებისთვის ქვეყანაში არსებულ სასჯელის სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ივლისის დასაწყისში სასამართლომ პრეზიდენტის ქალიშვილის კიდევ ერთი მეგობარი — მიხეილ თათარაშვილი გაამართლა, რომელსაც აგრეთვე ნარკოტიკების შენახვა ბრალდებოდა.