თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჯერჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში მოქმედ შეთანხმებას ღია ცის შესახებ ძალაში დატოვებდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Sunday Times–ზე დაყრდნობით.
გაზეთის წყაროს განცხადებით, ლონდონი შეთანხმებიდან გამოსვლას აპირებს, რადგან მისი შესრულება ევროპული სასამართლოს იურისდიქციას ეხება, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი Brexit–ის შემდეგ მის მუშაობაში ქვეყნის მონაწილეობის წინააღმდეგ უკვე გამოვიდა.
შედეგად, თუ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბრიუსელთან ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ავიაკომპანიები გააუქმებენ ბილეთებს რეისებზე დიდი ბრიტანეთიდან ევროპაში, წერს Sunday Times.
გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ფრენა გაუქმდეს, დაიბეჭდება 2019 წლის რეისების ბილეთებზე, რომლებიც 2018 წლის მარტიდან გაიყიდება.
გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ბრიტანელებმა 2016 წლის 23 ივნისს რეფერენდუმზე მიიღეს. დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტიდან ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი ოფიციალურად აამოქმედა. ლისაბონის შეთანხმების 50–ე მუხლის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი Brexit–ის ჩაშვებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ – 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.