სასამართლო: საქართველოში 150 გრამი კანაფის მოყვანისთვის პატიმრობა არ შეიძლება

© photo: Sputnik / Ilya Xludenev / გადასვლა მედიაბანკშიკანაფი
კანაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ კანაფის მოყვანასთან დაკავშირებით საქმე მოიგო

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით 150 გრამამდე კანაფის მოყვანისთვის, ნათქვამია სასამართლოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოყვანისთვის – შესაბამისად ოთხიდან შვიდ წლამდე და ექვსიდან 12 წლამდე პატიმრობით. დიდ რაოდენობაში იგულისხმება 50 და მეტი გრამი, ხოლო განსაკუთრებით დიდ რაოდენობაში – 250 გრამიდან.

კანაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში, 140 გრამამდე მარიხუანის გამო პატიმრობის გაუქმებას აპირებენ

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანეს დავით ხომერიმა და ლაშა გაგიშვილმა, რომლებიც მოითხოვდნენ, არაკონსტიტუციურად ეღიარებინათ პირადი მოხმარების მიზნით 63,73 გრამი, 150,72 გრამი და 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის სასჯელი პატიმრობის სახით.

სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის ოდენობებიდან მომდინარე საფრთხეები.

"საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობებიდან მომდინარე საფრთხეები. სასამართლომ დაადგინა, რომ 63,73 გრამი და 150,72 გრამი კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს, ხოლო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება 269,49 გრამ კანაფს, სასამართლომ მიიჩნია, რომ 265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს. ამიტომ, აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. თუმცა სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა — თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი.

"სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი", – განმარტეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კანაფთან დაკავშირებით ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

ყველა ახალი ამბავი
0