თბილისი,17 ივნისი-Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, უქმდება პატიმრობა მცირე რაოდენობით კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შემთხვევაში.
თუმცა კანონით დასჯად დანაშაულად დარჩება და შეეფარდება ჯარიმა ან საზოგადოების სასარგებლოდ შრომა.
მცენარის მცირე რაოდენობით მოყვანისას საზოგადოების სასარგებლოდ შრომის ხანგრძლივობა 160-დან 220 საათამდე იქნება, თუ რაოდენობა დიდია- 400-დან 500 საათამდე შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. დღეისთვის ამ დანაშაულისთვის სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
ცვლილება შევიდა განსაზღვრაშიც- მარიხუანის „მცირე“, „დიდი“ და „განსაკუთრებით დიდი“ ოდენობა.
მცირე ოდენობად ჩაითვლება 10-დან 140 გრამამდე მარიხუანა, დიდი რაოდენობა- 140 გრამიდან 1 კგ-მდე. ამის ზევით ყველანაირი რაოდენობა განსაკუთრებით დიდ ოდენობას მიეკუთვნება.
ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსაც. ექიმის ნებართვის გარეშე 5 გრამამდე მარიხუანის უკანონო დამზადება, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გამოყენება დაისჯება 300 ლარიანი ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით. 500 ლარიანი ჯარიმისა და 15 დღიანი პატომრობის ნაცვლად.
10 გრამამდე კანაფის უკანონო დათესვა- კულტივირება დაისჯება 300 ლარიანი ჯარიმით, ნაცვლად 500 ლარისა.
ცვლილებების ავტორია იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი-მთავრობა. როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა მსგავსი ინიციატივა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში ხორციელდება.
ცვლილებები აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ სცნო მარიხუანის პირადი მოხმარების, შენახვისა და შეძენისთვის პატიმრობის შეფარდება და კოდექსის შესაბამისი ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის შეფარდება ზედმეტად მკაცრი სასჯელია.