თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ზაფხულის დასვენებისთვის ყველაზე პოპულარულია ზღვა და პლაჟი, მზისა და ზღვის აბაზანები, თუმცა ბევრი უპირატესობას ევროპისა და ეგზოტიკური ქვეყნების ღირსშესანიშნაობებს ანიჭებს.
"Sputnik–საქართველო" შეეცადა გაერკვია, სად და როგორ შეიძლება იაფად ავიაბილეთების შეძენა და სად შეიძლება გავიგოთ ავიაკომპანიების აქციების შესახებ.
სად ვეძებოთ
გამოცდილი მოგზაურები ავიაბილეთების ძებნას გვირჩევენ ისეთ ვებ–გვერდებზე, რომლებიც მხოლოდ ავიაბილეთების შეძენაზე არიან სპეციალიზებული, კერძოდ, ეს ვებ–გვერდებია skyscanner, momondo და aviasales.
ეს სერვისები ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილ ფასებს აჩვენებენ. მათ ინტერესში არ შედის ფასის მომატება ან შემცირება, რადგან ისინი არაფერს ყიდიან. ამ ვებ–გვერდებზე მოცემულია რჩევები და ინსტრუმენტები, რომლებიც იაფად და კომფორტულად მოგზაურობაში დაგეხმარებათ.
აქციები და ფასდაკლებები
პირველ რიგში, უნდა ნახოთ ავიაკომპანიების მოქმედი აქციები, შეიძლება საჭირო მიმართულებით "საჭირო" ავიაბილეთებს წააწყდეთ.
ავიაბილეთების მოძიება შეიძლება დაბალი ფასების კალენდრიდანაც დაიწყოთ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომელ დღეებშია მომგებიანი ფრენა და როგორ გაიზრდება ფასები ავიაბილეთებზე უქმე და სადღესასწაულო დღეებში.
უნდა აღნიშნოთ შვებულების შესაძლო თარიღი და მიუთითოთ სასურველი ხანგრძლიობა, რათა მომგებიანი წინადადების მოძებნის შანსები გაიზარდოს. შემდეგ გადახვიდეთ ზუსტი თარიღის რეჟიმში და აღნიშნოთ ყველა დღე, რომელიც მოსახერხებელია მოგზაურობის დასაწყებად. მომგებიანი წინადადებები მწვანედ იქნება აღნიშნული.
იაფი ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელსაც პირდაპირი ფრენების რუკა ეწოდება. მისი დახმარებით მოგზაურობის რთული მარშრუტის დაგეგმვაა შესაძლებელი. რუკა ზოგავს დროს, ეძებს მოსახერხებელ ფრენებს, ასევე ტრანსპორტის ალტერნატიულ ვარიანტებს, რათა დანიშნულების ადგილზე უფრო სწრაფად და იაფად ჩახვიდეთ.
ავიაფრენებზე ეკონომია შესაძლებელია ლოუკოსტერებით, რომლებიც ევროპის მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აქტიურად აფართოებენ.
გახსოვდეთ, რომ ავიაბილეთების ფასები კვირის დღის მიხედვით შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ასე, კვირა ფრენებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე ძვირი დღეა.
ბილეთის შეძენა სასურველია გაფრენამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. თუ ბილეთს ბოლო კვირაში შეიძენთ, ბილეთის ფასი სწრაფად, თითქმის 50%–ით მატულობს.
მაგალითად, ქუთაისიდან რომში 1 აგვისტოს ერთი კვირით გამგზავრება შესაძლებელია 559 აშშ დოლარად (ორივე მიმართულებით), ხოლო თუ ფრენას 24 ივლისს გადმოიტანთ, ყველაზე იაფი ბილეთი 877 დოლარი დაგიჯდებათ.
თუმცა, პერიოდისგან დამოუკიდებლად, შესაძლებელია სპეციალური წინადადებებიც ნახოთ. მაგალითად, მოსკოვიდან ბათუმში და პირიქით ფრენა 1 აგვისტოს 330 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო 24 ივლისს – 251.
ზოგიერთ ავიაკომპანიას ასევე აქვს სპეციალური ტარიფები ახალგაზრდებისა და ადამიანებისთვის, რომელთაც 2 წლამდე ბავშვები ახლავთ.
მასალა მომზადებულია ღია წყაროების საფუძველზე