თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ბათუმის ბულვარში მოძრავი მობილური კლინიკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გაჩნდა, სადაც სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის.
ინიციატივა ზაფხულის ტურისტულ სეზონს უკავშირდება. საქართველოში წელიწადის ამ დროს ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარას სტუმრობს, ხოლო ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმი. პირველად მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო დახმარება ბათუმის ბულვარში 2016 წელს გაჩნდა.
„ადგილზე მედპერსონალი დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტის ჰოსპიტალიზაციას იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს“, — განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, რომლის ვიდეოკომეტარი უწყების Facebook-გვერდზეა განთავსებული.
მობილურ კლინიკაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია C ჰეპატიტზე სკრინინგის უფასო ჩატარება.
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ის ქვეყანას ამარაგებს С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით. С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტები უზრუნველყოფილი არიან პრეპარატ „სოვალდით“.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანი. სახელმწიფო ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობას აფინანსებს. სახელმწიფო პროგრამით С ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 30 000-მა პაციენტმა დაასრულა.