ნატა პატარაია
საქართველოს კონსტიტუციაში 94-ე მუხლის შენარჩუნებისკენ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მოუწოდა, თავის დროზე კონსტიტუციის ეს ნორმა და შესაბამისად კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ეკონომიკური თავისუფლების აქტის ფარგლებში მიიღეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის თქმით, ქვეყნის მთავარ კანონში ამ მუხლის არსებობა ნიშნავს, რომ მთავრობა აქციზის გარდა, რეფერენდუმის გარეშე სხვა ვერცერთ გადასახადს ვერ გაზრდის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებს ჰქონდეთ განცდა, რომ ამ ქვეყანაში კარგი ბიზნეს-გარემო და დაბალი გადასახადები სტაბილურად იქნება. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეული იმისგან, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში შესაძლებელია მოვიდეს ისეთი მთავრობა, ვისაც გადასახადების გაზრდის სურვილი გაუჩნდება და თანაც ამას ისე გააკეთებს, რომ მოსახლეობას საერთოდ არ ჰკითხავს“ — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ “Sputnik-საქართველოსთან” საუბრისას.
მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს უფლება გადასახადები საზოგადოების უკითხავად გაზარდოს ან შეამციროს, მაგრამ იქ ამით ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება. საქართველოში კი მთავრობის წინდაუხედავმა ნაბიჯმა შესაძლებელია მძიმე დარტყმა მიაყენოს როგორც საინვესტიციო გარემოს, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას. ინვესტიციები კი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია.
„თუ მთავრობას ექნება სურვილი გაზარდოს საშემოსავლო ან დღგ, მას რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება მოუწევს. რა პასუხს მიიღებს ამაზე მოსახლეობისგან, ყველა ვხვდებით. შესაბამისად, ეს ქმნის განჭვრეტად სტაბილურ მომავალს გადასახადების კუთხით“, — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარეს ამავე დროს იმედი აქვს, რომ 12 წელიწადში ქვეყანა ისე განვითარდება, რომ რაღაც განსაკუთრებული საფრთხე ამ მუხლის არა რსებობის გამო ეკონომიკას უკვე არ შეექმნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის აზრით, მცდარია მოსაზრება, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმება ინვესტორების საქართვლოდან გაქცევას გამოიწვევს.
„თუ ეს მუხლი კონსტიტუციაში არ ეწერება არ ნიშნავს, რომ მთავრობა გადასახადებს აუცილებლად გაზრდის. უბრალოდ მას მეტი თავისუფლება და ლავირების საშუალება ექნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკონომიკა პროგრესირებადი დარგია და მან შესაძლოა უფრო და უფრო მეტი სიახლე მოითხოვოს“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
ექსპერტის თქმით, ამის ნათელი მაგალითი „ესტონური მოდელის’ შემოღების გამო ბიუჯეტში შექმნილი ნახევარმილიარდიანი დეფიციტია, რომელიც მთავრობამ მხოლოდ აქციზების ზრდით დააბალანსა.
„ჩვენ რომ გადასახადების ზრდის საშუალება გვქონოდა, უფრო შევძლებდით ამ თანხის დივერსიფიცირებას სხვადასხვა გადასახადების მატების გზით. მაგალითისათვის დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ახალი გადასახადები დავუწესოთ ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სფეროს —ონლაინ-თამაშებს, იმიტომ რომ ამის საშუალებას 94 მუხლი.არ გავაძლევს“,- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
მანამდე, კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმების შესახებ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გამოვიდა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს აღნიშნული მუხლის გაუქმება მოსთხოვა, რადგანაც ის მთავრობის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის ამოქმედებას ხელს უშლის.