თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს, რომელიც აშშ-ში ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შეთქმულების ბრალდებით დააკავეს, ადვოკატის ფული არა აქვს, განაცხადა მოკრივის დედამ ნათელა ხურციძემ ტელეარხ Palitra TV-ს ეთერში.
ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის "კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. ხურციძესთან ერთად ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში სასმართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
"ჩემი შვილი მელაპარაკა ამერიკიდან და მითხრა, რომ კარგადაა და მალე გამოვა, მაგრამ ადვოკატს ფული უნდა გადაუხადოს. მაგრამ ფული საიდან უნდა აიღოს, თუ ანგარიშები გაყინულია. ვთხოვ მთავრობას, დაეხმაროს ჩემ შვილს, რომ ის გაათავისუფლონ", — განაცხადა სპორტსმენის დედამ.
ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეჯიბრება გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებული მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.
დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ, კერძოდ, დადგენილია 5 ტონამდე შოკოლადის ნაწარმის პარტიის გატაცების ფაქტი.
გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.
დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სხვადასხვა მუხლებით – შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.