თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში 2017-2018 სასწავლო-აღმზრდელობითი წლისთვის ბავშვების რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.
რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე 13:00 საათზე იწყება.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი 7 ივლისს ჩატარდა. საბავშვო ბაღებში 3 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა. ესენი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. მთავარი მოთხოვნაა, რომ ბავშვს სასწავლო-აღმზრდელობითი წლის დასაწყისისთვის — 15 სექტემბრისთვის 2 წელი შეუსრულდეს.
მთლიანობაში 2017-2018 სასწავლო წელს დარეგისტრირდება დაახლოებით 13 ათასი ბავშვი.
2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, ამჟამად მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 უკვე სექტემბერში გაიხსნება. ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
საბავშვო ბაღებში დანერგილია კვებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი სამზარეულოები, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დაინერგა სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი.