თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ოფიციალურად წარადგინეს "ბალმაზუივაროშის" მოთამაშედ, აღნიშნულია უნგრული კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ახალბედა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება ამა წლის ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტის სახით გააფორმა. კონტრაქტის გაფორმება მას შემდეგ მოხდა, რაც არაბულს ქართულ კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
23 წლის ფეხბურთელის თქმით, მისი "ბალმაზუივაროშში" გადასვლის მთავარი მიზეზია სურვილი, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ძირითად საფუძველზე ითამაშოს. მან დააზუსტა, რომ ნაკრები ძირითადად საზღვარგარეთ მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. გუნდში იშვიათად ხვდებიან ფეხბურთელები საქართველოს ეროვნული პირველობიდან, რადგან ის თავისი დონით ევროპის ჩემპიონატებზე ჩამორჩება.
ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ახალი გუნდის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ გახდება ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ამ სეზონში არაბულმა თბილისის "დინამოს" ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, 18 მატჩში გაიტანა 11 გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.
ეროვნულ გუნდში არაბულის დებიუტი მიმდინარე წლის იანვარში შედგა.
რაც შეეხება "ბალმაზუივაროშს", მომავალ სეზონში კლუბის ძირითადი მიზანი უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დარჩენა იქნება, რომელიც 15 ივლისს დაიწყება.