საცხოვრებელი კოტეჯები
სტარტაპმა უნდა აწარმოოს პაზლივით ასაწყობი კოტეჯები, რომლებიც საცხოვრებლად ვარგისი იქნება. პროექტში გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომის კოტეჯები, რომლებიც საცხოვრებლად ყოველმხრივ ვარგისია. იგეგმება სამი ზომის კოტეჯის წარმოება: 6, 9 და 12 კვადრატული მეტრი ფართობის.
"ჩვენი კოტეჯები ბაზარზე არსებულზე ბევრად იაფი იქნება. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ კოტეჯის ასაწყობად სპეციალისტი საჭირო არ არის, ხოლო ხის პანელების წარმოება ძალიან მარტივია", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" გიორგი ესვანჯიამ.
ვისაც პატარა ფართობი არ მოსწონს, მათ პროექტის შემქმნელები ორი ან სამი კოტეჯის შეერთებას სთავაზობენ. ამ მარტივი ხერხით შეიძლება აიწყოს სრულფასოვანი სახლი საძინებლებით, სასტუმრო და საბავშვო ოთახებით.
ამ პროექტის მთავარი ღირსება კოტეჯის აწყობის სიმარტივეა. დაახლოებით ერთ დღეში ოთხი მუშა ადვილად ააწყობს გადასატან სახლს — გადასატანს, რადგან უკვე მზა კოტეჯების პირდაპირი გაგებით გადატანა იქნება შესაძლებელი.
"ყველაფერი ჩართულია"
ბუნებრივია, რომ კოტეჯების ასეთი კომპაქტურობა და აწყობის სიმარტივე ზოგიერთ კითხვას აჩენს. მაგალითად, შეუერთდება თუ არა კოტეჯს ელექტრობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია? რამდენად მყარია ის? პროექტის შემქმნელებმა ყველა ეს ნიუანსი გაითვალისწინეს.
"კოტეჯს შეუერთდება ელექტრობა, წყალი და კანალიზაცია. მომავალში მზის პანელებისა და ნარჩენების გადამუშავების სისტემის მეშვეობით ვგეგმავთ გავხადოთ ის მთლიანად ავტონომიური", — აცხადებს სტარტაპის თანაავტორი.
ამჟამად კოტეჯების მაკეტი ტექნოპარკში დგას. იქ მოწყობილია მცირე სამზარეულო, დასაძინებელი ადგილი, სანიტარული კვანძი და სამუშაო ზონა. მაკეტის შექმნა დაახლოებით 5 000 ლარი დაჯდა.
პროექტის ავტორები მომავალი კოტეჯების ფასს არ ასახელებენ, თუმცა გასაგებია, რომ ის მაღალი არ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკუთარი, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი სახლი იქნება. კოტეჯები მთლიანად ხისგან იქნება დამზადებული.
დღეისათვის სტარტაპის ავტორები სათანადო ბიზნეს-გეგმას ამზადებენ და სპონსორებს ეძებენ. აგრეთვე მიმდინარეობს დეტალების დახვეწა, დიზაინის სრულყოფა და ვებ-გვერდის შექმნა. მომავალში შესაძლებელი იქნება მსგავსი კოტეჯების დაქირავება, აგრეთვე ვებ-გვერდის დახმარებით ყველა მსურველი შეძლებს კოტეჯებისთვის ავეჯისა და აქსესუარების გაყიდვას.