დღიურს რომ ვაწარმოებდე, ახლა დაახლოებით ასეთ ჩანაწერს გავაკეთებდი: მშვენიერი დილაა, მაგრამ მე ამას ვერ ვამჩნევ და არ მაინტერესებს, რადგან წინ ძნელი მისია მაქვს შესასრულებელი – დღეს Sputnik-ის მკითხველს უნდა ვესაუბრო ადამიანზე, რომელიც ძალიან მიყვარდა, უფრო მეტიც, დიდ პატივად მიმაჩნდა, რომ წლების მანძილზე ყურადღებას არ მაკლებდა, ზოგჯერ კაბინეტში დამიბარებდა, რჩევა-დარიგებას არ იშურებდა, ხანგამოშვებით ხუმრობანარევი კილოთი მახსენებდა – ხომ იცი, მე და მამაშენმა ჩვენი მეგობრობის სახლის შენებას ბავშვობაში ჩავუყარეთ საფუძველი, სული არ წაგიწყდეს, კირქვა, აგური, სითბო და სიყვარული არ დააკლო მის შენებასო. ვცდილობდი რაც შემეძლო, დღემდე ვმეგობრობ მის შვილებთან და, ვფიქრობ, თავი არ შემირცხვენია არც მისი და არც მამაჩემის სახელის წინაშე. საოჯახო არქივში წავაწყდი ფოტოს, რომელზეც დაახლოებით 60-65 წლის წინ ორივე ერთად არის გადაღებული: მარჯვნივ ბატონი ნოდარ დუმბაძეა, შუაში მამაჩემი – ლევან ჩიქვანაია…
14 ივლისს 89 წლის წინ დაიბადა ნოდარ დუმბაძე. სასაცილოც იქნება ახლა იმის შეფასება დავიწყო, რა ბუმბერაზი მწერალი იყო და რა დამსახურება მიუძღვის ქართველი ერისა და, ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის წინაშე. ეს იცის ყველამ, ვისაც მისი თუნდაც ერთი მოთხრობა წაუკითხავს. სასაცილო კი იმიტომ იქნება, რომ არ მაქვს მე (თუნდაც ნებისმიერს), ერთ უბრალო მოკვდავს მარადიულზე საუბრის უფლება. ნოდარ დუმბაძე კი თავისი შემოქმედებით, პიროვნული ნაღვაწით, სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. მის შესახებ კი მისი გამონათქვამებიდან უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ჩემი ნაუბარიდან.
— „რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი, ვიმოგზაურებდი, ვნახავდი, სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით, ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ… რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს…“
— „ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“…
— „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“…
— „არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით“…
— „ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უყურო ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო, საიდანაც ლამაზია“…
შეუძლებელია საუბრობდე ნოდარ დუმბაძეზე და მის საოცარ იუმორის გრძნობაზე არაფერი თქვა. ამერიკიდან დაბრუნებულს შევკადრე, როგორ მოგეწონათ–მეთქი. აბა რა გითხრა შვილო, სასტუმროს ნომერში იმდენი „კნოპკა“ იყო, დილით რომ ვიღვიძებდი, თავი აკორდეონში მეგონაო – მიპასუხა.
ერთი რამის თქმასაც გავბედავ: უამრავ ენაზეა თარგმნილი მისი ნაწარმოებები, მე მხოლოდ რუსული მაქვს წაკითხული. ვერ ვიტყვი, რომ მთარგმნელმა რამე დააკლო, პირიქით, მაგრამ იუმორს რაც შეეხება, აშკარად იგრძნობა, რომ მის მთარგმნელს ავტორივით გურიაში არ უცხოვრია, იქაური სიტყვის სიბასრე და ერთდროულად სიმსუბუქე ძარღვებში არ გაუტარებია… დასასრულ ისევ ბატონი ნოდარის სიტყვები, რომელიც ერთგვარი ანდერძიცაა ქართველის საყურადღებოდ:
— „ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით…“